ჯან პიერო გასპერინი სამწვრთნელო საქმიანობაში 2003 წლიდან სრულფასოვნად არის ჩართული, თუმცა პირველი ტიტული მან მხოლოდ ახლა მოიპოვა. იტალიელმა ტაქტიკოსმა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არაერთი რთული მომენტი და კონფლიქტური სიტუაცია გამოიარა. მისი ყოფილი შეგირდები მას დიქტატორსა და ტირანს უწოდებენ. ამის მიზეზის გარკვევას კი დეტალების გაცნობით შევეცდებით.
ბევრს გეჩხუბება და არ გაქებს
ერთხელ, ბერგამოს ატალანტას მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რა არის საჭირო ტოპ კლუბის ასაშენებლად. მან უპასუხა:
"მომეცით ახალგაზრდა ფეხბურთელები და თითო გომესი ყოველ პოზიციაზე", - იშვიათი მოვლენა, როდესაც 66 წლის ტაქტიკოსი მოთამაშეს ასე აფასებდეს. გავიდა რამდენიმე წელი და მათ შორის ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.
გასპერინი შეგირდს ადანაშაულებდა იმაში, რომ ის სათანადოდ ვეღარ ასრულებდა ათიანის როლს, არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი კი მიიჩნევდა, რომ "ლა დეას" წარმატება სწორედ მისი დამსახურება იყო. პაპუ მალევე გაუშვეს "შავ-ლურჯებიდან" და მოგვიანებით ის მუნდიალის ტრიუმფატორი გახდა, მაგრამ იტალიელ ტაქტიკოსს ეს აღარ ადარდებდა.

ჯან პიეროსთან კონფლიქტი მოუვიდა სიმონ კიაერსაც, რომელმაც შემდგომში კარიერის რეანიმირება მილანში მოახერხა. ბევრს არ ახსოვს, რომ გევის სთეიდიუმზე ირიცხებოდა მარტინ შკრტელიც, მაგრამ მან ერთი თვეც კი ვერ გაძლო. ვეტერანი უკანახაზელი კალჩოში გადმოვიდა 9 აგვისტოს, მაგრამ 2 სექტემბერს გასპერინიმ მას ხელშეკრულება გაუწყვიტა.
იტალიელმა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ სლოვაკი ცენტრბექი ვერ ჩაჯდა ატალანტას სამცველიან ტაქტიკაში. სხვა დაზარალებულები: მერიჰ დემირალი, ტიმოტი კასტანი, იოაკიმ მელე, თითოეული მათგანი წუწუნებდა იმის გამო, რომ ჯან პიეროს სახით მათ ნამდვილი სიბოროტე უპირისპირდებოდა.

ივარჯიშებ იქამდე, სანამ არ მოკვდები!
კრისტიან ვიერი ბერგამოელთა მწვრთნელის სამწვრთნელო მეთოდებით გაოგნებული დარჩა ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს. ის თამაშობდა მთავარ გუნდში, გასპერინი კი ხელმძღვანელობდა "ლა დეას" ახალგაზრდებს, რომლებიც ვარჯიშებზე ნამდვილ ტანჯვას გადიოდნენ. იმავე აზრზე არის კიდევ ერთი ლეგენდარული ვეტერანი, ანდრეა ბარძალი:
"გასპერინი და კონტე ნამდვილი მანიაკები არიან. საბედნიეროდ, პირველთან მუშაობის ბედნიერება არ მქონია, მეორესგან კი დღემდე კოშმარები მესიზმრება. ჯან პიეროსგან გამიგია, რომ მისი მიდგომა ანტონიოს მეთოდებზე მძიმეა. ეს მოსაზრება სხვადასხვა მოთამაშისგანაც გამიგია", - აცხადებდა ყოფილი იტალიელი უკანახაზელი.

"გასპერინის ვარჯიშები? - ეს გასართობი სულაც არ არის. როდესაც ვნახე მისი მიდგომა, მივხვდი, თუ როგორ დაიბადა ის ატალანტა, რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა გააოცა. მოთამაშეები დატვირთვისგან ცუდად ხდებიან, არავითარი ხუმრობა და ღიმილი, მხოლოდ შრომა", - ეს კი ბილი კოსტაკურტას სიტყვებია.
გომესი ყვებოდა, რომ ბერგამასკები ვარჯიშობდნენ შვებულების დროსაც. მარკო ბორიელო კი აცხადებდა, რომ ჯან პიეროს დამსახურებით მან სამ სეზონში კარიერის ექვსი წელი დაკარგა. იტალიელი ტაქტიკოსი ყველას პასუხობდა ერთი ლაკონიური ფრაზით: "ჩემი ვარჯიშებისგან ჯერ არავინ მომკვდარა, ასე რომ ყველაფერი რიგზეა".

რას იღებ გაძლების სანაცვლოდ?
რაც შეეხება მათ, ვინც დატვირთვას გაუძლეს - ისინი თავისი კარიერის მაქსიმუმზე ავიდნენ. იოსიპ ილიჩიჩი, დუვან საპატა, ლუის მურიელი - ამ მოთამაშეებისგან "ლა დეას" ტაქტიკოსმა ნამდვილი ტოპ შემსრულებლები გამოძერწა. მისი უკანასკნელი ქმნილება ადემოლა ლუკმენი: ლევერკუზენის ბაიერის კარში ჰეტტრიკის ავტორი.
"ყოველ ვარჯიშზე 12 კილომეტრს გავრბოდით. დიახ, საშინლად დამღლელია, თუმცა თუ უძლებ გასპერინის დატვირთვას, ჩათვალე, რომ ცხოვრებაში ყველაფერს გაუძლებ", - ლეონარდო სპინაცოლა.
"ჯან პიერო შენგან ძალიან ბევრს ითხოვს, მაგრამ საპასუხოდ, შენ ხდები სულ სხვა, ახალი მოთამაშე", - ეს კი რობინ გოსენსია.
ნიგერიელ თავდამსხმელზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მის გარდა, მიმდინარე სეზონში იტალიელი მწვრთნელის ხელში ხელახლა გაიხსნა კიდევ ორი მოთამაშე: ჯანლუკა სკამაკა და შარლ დე კეტელარე. ამ ფეხბურთელების გაბრწყინება იმის მტკიცებულებაა, თუ რა კარგად შეუძლია "შავ-ლურჯების" ტაქტიკოსს დაკარგული მოთამაშის კარიერის რეანიმირება.












