მატჩამდე 4 საათით ადრე ერთად შეკრება, მსვლელობა, ათასობით ქართველი და ქართული შეძახილები უცხო ქვეყნის ქუჩებსა და სტადიონზე - პოზნანში გამართულმა შეხვედრამ ევროპის ჩემპიონატის ნოსტალგია წამოიღო. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი უკვე სხვა ქვეყანაში ჩატარებულ მატჩებშიც ჰყავს.
მატჩის დასრულების შემდეგ, უკრაინული და ქართული მხარე მინდვრის მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. ეს მათი თქმის გარეშეც თვალსაჩინო იყო. ფეხბურთელები ბურთს ვერ ამუშავებდნენ და სწორი თამაში უჭირდათ.

მოედნის საფარის კარგ დღეში ყოფნა მატჩამდე ერთი დღით ადრე უკვე საეჭვო ხდებოდა და ეს თამაშის წინა ბლოგშიც მოგახსენეთ. უცნაურია, მაგრამ მატჩისწინა ვარჯიში მთავარ არენაზე არც უკრაინას გაუმათავს და არც საქართველოს, რაც უიშვიათესად ხდება ხოლმე. ორივე ნაკრებმა სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. როგორც წესი, მინიმუმ ერთი ნაკრები მაინც მატჩისწინა ვარჯიშს იმ სტადიონზე ატარებს, სადაც თამაშია.
როგორც გამოჩნდა, ეს სწორედ ბალახის ცუდმა მდგომარეობამ განაპირობა. მატჩის წინ ისიც ვთქვით, რომ იმ სათადარიგო სტადიონის მინდორი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე მთავარი სტადიონის, თუმცა ამ ფაქტს მატჩის წინ რეაგირება არ მოჰყოლია.

წავაგეთ და სანიოლმა ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს. პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ უნდა გადაეწყოს გუნდი 5-3-2 ტაქტიკიდან სწორად მაშინ, როცა აგებს და დიდი შეტევები სჭირდება. თუ აქამდე ზივზივაძის არ თამაშის მიზეზებს ტაქტიკურ ახსნას ვუძებნიდით, ახლა მის მე-80 წუთზე შემოყვანას არ ვამართლებთ და ის გაცილებით ადრე უნდა შემოსულიყო, თან დავითაშვილი და ზივზივაძე ერთ პაუზაზე რომ შემოეყვანათ, 1 ცვლილება დაგვრჩებოდა.
მატჩამდ 10 წუთით ადრე, კიტეიშვილი ფეხს იტკიებდა, მოედანზე ძლივს დადიოდა და სანიოლს შეცვლა მოსთხოვა, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა უთხრა, შეცვლები აღარ მაქვსო. 10 კაცით თამაშს, კიტეიშვილმა გაიჭირვა და ფენატკენმა მაინც ბოლომდე ითამაშა, რაც მისგან არ გვიკვირს.
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ჩაკვეტაძის თამაში, რომელსაც ინგლისური ფეხბურთის ხელი დაეტყო, ფეხზე კარგად დგას და მისი შეჩერება მცველებისთვის ურთულესი ამოცანა ხდება.
დღეს, ჩვენი ნაკრები სამშობლოში დაბრუნდება და ხალხის გახარებას 14 ოქტომბერს თბილისში, ალბანეთის წინააღმდეგ შეეცდება.












