დღეს სასტუმრო “პულმანში” გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF Awards 2024, სადაც 2024 წლის შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და დაჯილდოების შემდეგ მედიასთან 2024 წლის მთავარ საფეხბურთო მოვლენაზე ისაუბრა:
"საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ფეხბურთელებს, მწვრთნელს, სტაფს, სფფ-ს და რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს. დაუვიწყარი წუთები და დაუვიწყარი ემოციები იყო და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება. დღეს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი სრულიად დამსახურებულად გიორგი მამარდაშვილი გახდა და მინდა მივულოცო გიორგის ეს წარმატება. მას საოცარი სეზონი ჰქონდა, როგორც ეროვნულ ნაკრებში ასევე საკლუბო დონეზე, მინდა წარმატებები ვუსურვო, მომავალი წლიდან ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში (ლივერპულში) გააგრძელებს ასპარეზობას და ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, წარმატებას ვუსურვებ გიორგის და საქართველოს ნაკრებს," - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე: 2024 წელს დაუვიწყარი წუთები და დაუვიწყარი ემოციები იყო











