SMH Sports-ი ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ლიდერი მედია პლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი გახდა.
SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის სპეციალური მოწვევით, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაციას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები, ჯანლუკა ძამბროტა, კრისტიან ძაკარდო და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ქართული სპორტის განვითარებისთვის იტალიური ფლაგმანის საქართველოში გავრცელება გამოყო და SMH Sports-ის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის:
„La Gazzetta Dello Sport-ი ოფიციალურად უკვე საქართველოშია, რაც ძალიან მახარებს. მინდა მივულოცო სპორტის გულშემატკივრებს, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მადლობა მინდა გადავუხადო SMH Sports და მის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს, მართლა ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ქართული სპორტისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული სპორტის პოპულარიზაციას.
La Gazzetta Dello Sport Georgia მხოლოდ დადებითის მომტანია. ამ გამოცემასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, მახსენდება „ინტერთან“ გამარჯვება 1:0, ჩემი გატანილი გოლით მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება. „მილანის“ ბევრი გამარჯვება დაიბეჭდა ამ გაზეთში და მათ შორის ჩემი ინტერვიუები. ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე ვთანამშრომლობდი La Gazzetta Dello Sport-თან და კვლავ ვაგრძელებ თანამშრომლობას, მიხარია რომ საქართველოში იქნებიან წარმოდგენილნი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.









