საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას აგრძელებს. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატმადე კიდევ 2 სპარინგ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში განაგრძობს.
პოლონეთში ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ქართველებმა ჩეხეთის დედაქალაქში გადაინაცვლეს.
ალკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 19 და 21 აგვისტოს ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პირველი შეხვედრა პრაღაში, USK-ს დარბაზში ჩატრადება, იქ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ვარჯიშობს.
ჩეხეთთან პირველი შეხვედრა დახურული იქნება. 21 აგვისტოს მეორე მატჩი პრაღიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქი პარდუბიცეში, ევროპის უდიდეს ჰოკეის დარბაზში, “ენტერია არენაზე” გაიმართება. ეს იქნება ორივე გუნდისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტამდე.
სპარინგ მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შეკრება კვლავ ჩეხეთში გაგარძელდება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









