ცნობილი გახდა საქართველოს მეტოქეები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. ესპანეთი და საქართველო გასულ მაისში გამართულ წილისყრის შედეგად ჯგუფში ერთად მოხვდნენ, ამჟერად კი გამოვლინდა ჯგუფის კიდევ 2 მეტოქე.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად ჯგუფში პრე-საკვალიფიკაციო ტურნირიდან გასული უკრაინა და დანია იქნებიან. მსოფლიოს შესარჩევი 27 ნოემბერს დაიწყება, საქართველოს პირველი შეხვედრა კი უკრაინასთან ექნება, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის, ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო გავა და ჯგუფ B-ის 3 საუკეთესოს დაუპირისპირდება.
პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა.
მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება. თამაშები 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება. თითო ჯგუფიდან გასული 3-3 ნაკრები (ჯამში 12 ქვეყანა) მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
შეგახსენებთ,საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა. საქართველო მსოფლიოს პირველობაზე 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვდა და ახლა შანსი აქვს, მუნდიალზე ზედიზედ მეორედ იასპარეზოს.









