რამდენიმე საათის წინ როგორც ცნობილი გახდა, კარლო ანჩელოტი რეალ მადრიდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, რის შემდეგაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურად ჩაიბარებს. მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება უკვე შედგა, გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება.
ესპანური პრესა კარლო ანჩელოტის კონტრაქტის დეტალებს ასაჯაროვებს, სადაც ირკვევა, რომ 65 წლის სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს. ხელშეკრულებაში ასევე ჩაიწერება პუნქტი, რის მიხედვითაც მხარეებს კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივება შეეძლებათ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. "სელესაოში" კარლო ანჩელოტის წლიური ანაზღაურება დაახლოებით €10 მილიონი იქნება. ცნობისთვის, იტალიელი რეალ მადრიდში დაახლოებით €6 მილიონს იღებს.
ბრაზილიაში ახალი ეპოქა იწყება — კარლო ანჩელოტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად ივნისში გახდება.









