მილანის ინტერისა და მიუნხენის ბაიერნის განმეორებით მატჩამდე, აღნიშნულ გუნდებს შორის იყო ურთიერთდაპირისპირებების ასეთი ისტორია: 10 შეხვედრა, რომელშიც 5-ჯერ მოიგო "რეკორდმაისტერმა", 4-ჯერ - "ნერაძურიმ", 1 თამაში კი ფრედ დასრულდა. საინტერესოა ის, რომ "გველებს" ბავარიელებთან საკუთარ მოედანზე არასდროს მოუგიათ.
ჯუზეპე მეაცას ბინადრებმა სამჯერ იმარჯვეს სტუმრად, ერთხელაც კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სანტიაგო ბერნაბეუზე. როგორც აღმოჩნდა, ნავსი დღესაც არ გამტყდარა: სიმონე ინძაგის გუნდისა და ალიანც არენას ბინადრების შეხვედრა დასრულდა ფრედ, 2:2. დიახ, იტალიურ კლუბს ბაიერნთან შინ კვლავ 0 მოგება აქვს.
ამის მიუხედავად, ინტერნაციონალემ წარმატებით გადალახა მიუნხენელთა ბარიერი და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური, სადაც მეტოქე ამჯერად ბარსელონა იქნება. აქვე დავამატებთ, რომ მთავარი საკლუბო ტურნირის ბოლო 3 სეზონში მილანელები მინიმუმ 1/2 ფინალში 2-ჯერ გავიდნენ.









