ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა, ქენან ილდიზმა გაიბრწყინა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, თუმცა საფეხბურთო სამყარო მის პერფომანსზე მეტად, ლიონელ მესისთან კავშირს არჩევს. საქმე ისაა, რომ თურქი ფორვარდი თამაშობს ბუცებით F50 Messi Elite Prestig10. აღნიშნული მოდელი Adidas-მა სწორედ არგენტინელ ფლეიმეიქერთან კოლაბორაციით გამოუშვა.
ინტერ მაიამის კაპიტანმა შეარჩია ათი ახალგაზრდა ფეხბურთელი და მის სიაში "ბიანკონერის" თავდამსხმელიც აღმოჩნდა. ამ ფაქტმა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ბარსელონას ქომაგებზე, რომლებიც ალიანს სთეიდიუმის ბინადრების მე-10 ნომრის თავიანთ კლუბში ხილვის წინააღმდეგები არ არიან.
რაც შეეხება 20 წლის თავდამსხმელის პერფომანსს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, ანხელ დი მარიასთან, ჯამალ მუსიალასა და მაიკლ ოლისესთან ერთად, 3 ბურთით ის ტურნირის საუკეთესო გოლეადორია. ილდიზმა წუხელ შეასრულა დუბლი ვიდად კასაბლანკასთან, იქამდე კი მან 1 ბურთი ალ-აინს შეუგდო.









