საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია იყო. ახალგაზრდა გარემარბმა სამკლაური მოირგო პირველად და ის გახდა რიგით 28-ე მოთამაშე, რომელმაც "ჯვაროსნებს" უკაპიტნა. პსჟ-ს ვინგერმა მოედანზე გაატარა 77 წუთი, რის შემდეგაც სამკლაური მან ოთარ კაკაბაძეს გადაულოცა.
კრაკოვიას მარჯვენა მცველს წარსულში უკვე ჰქონდა ჩვენი ნაკრების კაპიტნობის გამოცდილება, მისი გასვლის შემდეგ კი სამკლაური ასევე პირველად ბუდუ ზივზივაძემ მოირგო. რაც შეეხებათ სხვა კაპიტნებს წარსულიდან, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გუნდის პირველი კაპიტანი გელა კეტაშვილი იყო.
თბილისის დინამოს ყოფილმა მცველმა "ჯვაროსნებში" ჩაატარა ერთი შეხვედრა, ისიც სამკლაურით. პირველი რეგულარული კაპიტანი კი იყო კახაბერ ცხადაძე, რომელმაც 1991-1998 წლებში ჩვენს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 25 შეხვედრიდან, 23 სამკლაურით ითამაშა. იმავე პერიოდში საქართველოს კაპიტნობდნენ თემურ ქეცბაია, მურთაზ შელია და გია ჯიშკარიანი.
ყველაზე მეტი მატჩი "ჯვაროსნების" შემადგენლობაში კაპიტნის რანგში ჩატარებული აქვს ჯაბა კანკავას, 61 თამაში. მის შემდეგ მოდიან კახა კალაძე (52 შეხვედრა) და ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი, გურამ კაშია (48 შეხვედრა). არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი ნემსაძეც, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 1997-2004 წლებში სამკლაურით 36 თამაშის ჩატარება მოასწრო.
"ჯვაროსნების" კაპიტნები სხვადასხვა დროს ასევე იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ქინქლაძე (1 მატჩი), ლევან კობიაშვილი (16 მატჩი), ზურაბ ხიზანიშვილი (10 მატჩი), გიორგი ლორია (3 მატჩი), თორნიკე ოქრიაშვილი (1 მატჩი), ოთარ კიტეიშვილი (1 მატჩი) და სხვები.









