ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა ლონდონელებს 3:1 სძლიეს.
განმეორებით შეხვედრაში ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა, სხვაობა ორამდე ჰაკიმიმ გაზარდა, მანამდე ამის გაკეთება ვიტინიას შეეძლო, თუმცა პენალტი გააფუჭა.
ბუკაიო საკამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
ფინალში გავიდა ამ გუნდის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც შანსი აქვს, კახა კალაძის შემდეგ გახდეს პირველი ქართველი, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს მოიგებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ინტერსა და პსჟ-ს შორის, 31 მაისს, მიუნხენში შედგება.









