თბილისში, ინტერის აკადემიის მოედნებზექინქლაძის ფონდის მხარდაჭერითა და Grassroots Cup Georgia-ს ორგანიზებით, 7-11 წლამდე ბავშვებს შორის საფეხბურთო ტურნირი - Kinkladze Grassroots Cup Georgia მეორედ ჩატარდა. შეჯიბრებას ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან გიორგი ქინქლაძესთან ერთად, მანჩესტერ სიტის ყოფილი დირექტორი, კრის ბერდი დაესწრო.
ბერდმა LaGazzetaa.ge-სთან, Kinkladze Grassroots Cup Georgia-ს, გიორგი ქინქლაძის კარიერისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა:
- რას იტყვით Kinkladze Grassroots Cup Georgia-სა და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შესახებ?
- ტურნირში ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები მინახავს ბრიტანეთშიც და სტანდარტი რასაც დღეს აქ ვხედავ ისეთივე კარგია.
- რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია Kinkladze Grassroots Cup Georgia ტალანტების აღმოსაჩენად?
- ვფიქრობ, რომ ასეთი ტურნირი რეალური შესაძლებლობაა, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა აჩვენონ თავიანთი უნარები, ნიჭი და საფეხბურთო შემართება. ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველებს დიდი მომავალი აქვთ, რათა სერია A-ში, ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაში ითამაშონ.
- რას იტყვით გიორგი ქინქლაძის კარიერის შესახებ მაჩესტერ სიტიში?
- წარმოუდგენელი ნიჭი აქვს გიორგი ქინქლაძეს, ის მანჩესტერ სიტის ლეგენდაა. გიორგი გუნდში ბრწყინავდა, დღესაც დიდი სიყვარული აქვთ გულშემატკივრებს მის მიმართ, ის ღმერთივითაა. ქინქლაძის მოედანზე შესვლა და ბურთთან ყოველი შეხება საოცრება იყო, მისი ფეხბურთის თამაშის მანერა წარმოუდგენელი იყო, აქამდე მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. ის ძალიან ნიჭიერი იყო ბურთის სროლისას და გოლის გატანისას, ძალიან, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და მან „მანჩესტერ სიტიში“ დაუვიწყარი მემკვიდრეობა დატოვა. სასიხარულოა, რომ ახლა გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდა, ახალი პროექტით, Kinkladze Global და Kinkladze Foundation-ით. ჩვენთ ერთად ვმუშაობთ Kinkladze Global-თან და „მანჩესტერ სიტისთან“ და ვფიქრობ, პროექტს ძალიან კარგი მომავალი ექნება.
- რას ფიქრობთ ქართველ ფეხბურთელებზე?
- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურე და ვნახე როგორი შემართებით იბრძოდა საქართველოს ნაკრები, მათ მოგება სურდათ და ყველაფერს დებდნენ მოედანზე. იბრძოლეს და საოცარი ჟინი გამოავლინეს. თქვენ გყავთ ტოპ ლიგის ფეხბურთელები. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია, ის პსჟ-ში იანვარში გადავიდა და ვხედავთ როგორ საოცრად თამაშობს, წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც უდიდესი წარმატებაა, მაგრამ საფრანგეთის ლიგა შედარებით მარტივია. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას თუ სურს შემდეგ დონეზე გადავიდეს დაპრემიერ ლიგაში უნდა გააგრძელოს ასპარეზობა, შეურთდეს მანჩესტერ სიტის და გახდეს სუპერვარსკვლავი. იმედი მაქვს, ხვიჩა კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში ვიხილავ და დიდ წარმატებას მიაღწევს.









