პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიილია. დასკვნით ეპიზოდში ლივერპულმა იმძლავრა, ბურთზე კონტროლის დაწესებაც მოახერხა, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნა. ეს 45-წუთეული ორივე გუნდისთვის ნეგატიური მოვლენით გამოირჩა. სტარტზევე მძიმე დაზიანება მიიღო როდრიგო ბენტანკურმა. კუთხურის გათამაშებისა და პოზიციისთვის ბრძოლის მომენტში ურუგვაელმა, სავარაუდოდ, გონება დაკარგა. ტრანსლაციის რეჟისორმა ეპიზოდის ჩვენებისგან თავი შეიკავა. ტოტენჰემელთა ნახევარმცველს მოედანი საკაცით დაატოვებინეს.
რამდენიმე წუთში საკადრო პრობლემა უკვე ლივერპულს შეექმნა. სტუმართა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ჯარელ ქუანსამ, კუნთი დაიზიანა, თანაც ისე, უახლოეს შეხვედრებში მის განაცხადში ყოფნას რომ გამორიცხავს ხოლმე. არნე სლოტმა უჩვეულოდ იმოქმედა - ჯარელი აპმლუით ნახევარმცველით - ვატარუ ენდოთი ჩაანაცვლა.
მეორე ტაიმის დაწყებამდე ტოტენჰემმა დაადასტურა, რომ ბენტანკური გონებაზეა, თავს სტაბილურად გრძნობს და ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალს დამატებითი კვლევებისთვის დაუყოვნებლივ ესტუმრება.
შეხვედრის განახლებისთანავე ლივერპული გააქტიურდა. მათი შეტევების სიმწვავემ პიკს მე-60 წუთის შემდეგ მიაღწია, როდესაც მოედანზე ერთდროულად დარვინ ნუნიესი, ლუის დიასი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შემოვიდნენ. მანჩესტერ იუნაიტედთან ცუდი პერფორმანსის შემდეგ ტრენტმა დღევანდელ 30 წუთში სქაუზერი ფანების დამშვიდება შეძლო. შესაძლოა ის „წითლებს” შორის ყველაზე ეფექტური შემტევი იყო. ეინჯ პოსტეკოღლუს გუნდს საკუთარი თამაშის კონტრშეტევებზე გადაწყობა მოუწია, რამაც შედეგი გამოიღო. 76-ე წუთზე ერთ-ერთ ასეთ შეტევას დომინიკ სოლანკეს გოლი მოჰყვა, თუმცა VAR-მა ის თამაშგარის გამო გააუქმა. საბოლოოდ, ჩრდილოლონდონელებმა საწადელს ლუკას ბერგვალის დარტყმით მიაღწიეს, როცა შვედმა ფეხბურთელმა ტოტენჰემი 86-ე წუთზე დააწინაურა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა დებიუტანტი - ჩეხი მეკარე ანტონინ კინსკი, რომელიც გუნდს სულ რაღაც სამი დღის წინ შეურთდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე გუნდის წინააღმდეგ პირველივე შეხვედრაში 6 სეივი შემოგვთავაზა. კინსკიმ კომპენსირებულ დროში თავისი გუნდი ნამდვილად იხსნა, როდესაც ლუის დიასის ელეგანტური გადაცემის შემდეგ დარვინ ნუნიესი აკრობატული დარტყმით მის კარს ემუქრებოდა. ჩეხმა რეაგირება მოასწრო.
ტოტენჰემი ამ გამარჯვებით წყვილის ფავორიტი გახდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობის დაცვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სათამაშო არენაზე მოუწევს. საპასუხო შეხვედრა ენფილდზე 7 თებერვალს გაიმართება.









