იტალიური გრანდები ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. როგორც რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, დიდი შანსია ანტონიო კონტემ ზაფხულში ნაპოლი დატოვოს. დიახ, კლუბმა სკუდეტო რომც მოიგოს, 55 წლის იტალიელი სპეციალისტი "პარტენოპეის" დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ კლუბში კარგად იციან, სწორედ ამიტომ აურელიო დე ლაურენტისმა პოტენციურ შემცვლელზე მუშაობა უკვე დაიწყო.
როგორც ცნობილი ხდება, ნაპოლიში მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურა ძალიან მოსწონთ, მეტიც, აურელიო დე ლაურენტისსა და 57 წლის იტალიელ სპეციალისტს შორის გასულ კვირას შეხვედრაც კი შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ალეგრის გარდა, განიხილება სტეფანო პიოლის, ვინჩენცო იტალიანოსა და ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურებიც.
რა ბედი ელის ანტონიო კონტეს თუ ნაპოლის დატოვებს?
ამაზე პასუხი უკვე გვაქვს — იუვენტუსში ანტონიო კონტეს დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ! დიახ, "ბიანკონერი" ამ საკითხზე უკვე მუშაობს და თუ იტალიელი მწვრთნელი ნაპოლის დატოვებს, ისინი ამ გარიგების დახურვას შეეცდებიან. შეგახსენებთ, ანტონიო კონტე იუვენტუსში 2011-2014 წლებში მუშაობდა, რა დროსაც 4 ტიტულის მოგება მოახერხა. ინფორმაციისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როგორც ნაპოლიში, ისე იუვენტუსშიც განიხილავენ სხვა კანდიდატურებს. ასევე გასარკვევია იგორ ტუდორის საკითხიც.
სეზონი როგორც კი დასრულდება, პირველ რიგში ანტონიო კონტეს საკითხი გადაწყდება, რაც ავტომატურად მაქს ალეგრის მომავალსაც განსაზღვრავს. უახლოეს დღეებში იტალიელი სპეციალისტების თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









