იტალიელმა სპეციალისტმა დე ლაურენტისს უკვე განუცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნება მისთვის პრიორიტეტულია. იმის მიუხედავად, რომ ქართველი შემტევი კლუბის გამოცვლაზე სერიოზულა ფიქრობს და ამას ისიც ემატება, რომ კონტეს სათამაშო სქემაში ბოლომდე არ ჯდება, იტალიელს კვარას გაშვება მაინც არ უნდა. რაც შეეხება 30 წლის იტალიელ განაპირა მცველს, ფეხბურთელი კონტესთვის იდეალური კადრია, შესაბამისად, მისი შენარჩუნება მის გეგმებში შედის.
კვარასა და დი ლორენცოსგან განსხვავებით, კონტეს იგივე დამოკიდებულა არ აქვს ვიქტორ ოსიმენის მიმართ, რადგან ნიგერიელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €130 მილიონი უწერია, შესაბამისად, თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გადაიხდის, ნაპოლი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ვერაფერს გააკეთებს. სწორედ ამიტომ, გუნდმა ახალი ფორვარდის დამატებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და #1 სამიზნე, რა თქმა უნდა, ძველი მეგობარი, რომელუ ლუკაკუა.
31 წლის ბელგიელი, ამ დრომდე ჩელსის საკუთრებაში იმყოფება და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უკან ინგლისში დაბრუნება, არ განიხილება. ასევე თითქმის გადაწყვეტილია, რომ რომა ფეხბურთელს არ გამოისყიდის. ლუკაკუს სატრანსფერო ფასი €40-45 მილიონია, რაც ნაპოლისთვის საკმაოდ მისაღები ფასია. ფეხბურთელის აგენტსა და "პარტენოპეის" შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
კონტესთვის ასევე, პრიორიტეტულია ახალი მარცხენა ცენტრალური მცველის დამატებაც, მთავარი სამიზნე კი ტორინოს უკანახაზელი, ალესანდრო ბონჯორნოა. 24 წლის იტალიელს, კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია. ურბანო კაირო ბონჯორნოს, მინიმუმ, €40 მილიონად აფასებს, თუმცა ნაპოლი ამის მიუხედავად, ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას მაინც გეგმავს.
ანტონიო კონტე საქმეს უკვე შეუდგა, გუნდი, სავარაუდოდ, მინიმუმ 4-5 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ზაფხულში, ნაპოლისთან დაკავშირებით ბევრ საინტერესო სიახლეს ველოდებით.









