ნაპოლი სამი დღის შუალედში ორჯერ დამარცხდა - 18 ოქტომბერს ტორინოსთან, სამი დღის შემდეგ კი სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი პსვ ეინდჰოვენთან განადგურდა. ქომაგებმა უმალვე გაიხსენეს ანტონიო კონტეს ლონდონის ჩელსიში გატარებული პერიოდი, როცა ჩემპიონობის შემდეგ, კლუბში სირთულეები დაიწყო.
"არისტოკრატებმა" პოსტ-საჩემპიონო სეზონი დაასრულეს მეხუთე ადგილზე, მის მიმდინარეობისას კი იტალიელმა მწვრთნელმა იჩხუბა თავისი გუნდის მთავარ მეგოლესთან, დიეგო კოშტასთან. ცნობისთვის, კონფლიქტების სერია არის უკვე "პარტენოპეიშიც"...კევინ დე ბრუინი უკმაყოფილოა ნაადრევი შეცვლით, ნოა ლანგი კი "აძურის" დამრიგებელს უყურადღებობაში სდებს ბრალს.
ნიდერლანდელი გარემარბის განცხადებით, დიეგო მარადონაზე გადმოსვლის შემდეგ, 56 წლის მწვრთნელი მას მხოლოდ ერთხელ ესაუბრა. რაც შეეხება უშუალოდ კონტეს პოზიციას, თავისი გუნდის ახალწვეული ვინგერის ფორმითა და საქმისადმი მიდგომით ის უკმაყოფილოა. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიელი ტაქტიკოსი არ არის პირველი, რომელმაც 26 წლის ვინგერის პრობლემებს ხაზი გაუსვა.
ნაპოლის 70-ე ნომერი თავის დროზე ვერ მოარჯულა ერიკ ტენ ჰაგმა, ამსტერდამის აიაქსში მუშაობის დროს. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ლანგი იჯარით გაუშვეს ენსხედეს ტვენტეში, შემდეგ კი ბრიუგეში გაყიდეს. მას იცავდნენ მარკო ვან ბასტენი და რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომლებიც თვლიან, რომ ნოა კოდი გაკპოზე ნიჭიერია.
ნიდერლანდელ ვეტერანებს არ დაეთანხმა მათი თანამემამულე, რუდ გულიტი, მათი დისკუსია კი დასრულდა იმით, რომ "პარტენოპეის" ვინგერის რთულ ხასიათს "ებრაელთა" ლეგენდებმაც გაუსვეს ხაზი. ერთი სიტყვით, ანტონიოს "აძურიში" აქვს არაერთი პრობლემა და ერთ-ერთი მათგანი ნიდერლანდელი ვინგერი არის.









