ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, LaGazzetta.ge-სთან კოხრეიძემ თავის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.
"მოხარული ვარ, რომ ტორპედოს ფეხბურთელი გავხდი. კარგად ვიცი, თუ როგორ უყვართ აქ ფეხბურთი. მნიშვნელოვანია, რომ კლუბებს შორის შეთანხმება წარმატებით შედგა. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.
იბერია ჩემი ოჯახი იყო და მათ დიდ პატივს ვცემ. წლებია იმ ბიჭებთან ერთად მოვდივარ და ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, თუმცა ეს ფეხბურთია და მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვერ იქნები. ახალი გამოწვევების დროა და ვფიქრობ, ჩემი განვითარებისთვის ტორპედო უკეთესი იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი იბერიას."
როგორც ვიცით, შემოთავაზება სხვა კლუბებისგანაც გქონდა, როგორც უცხოური, ისე ქართული, მათ შორის, დინამო ბათუმისგან. რატომ ტორპედო?
"ამ კლუბს ევროტურნირების ჯგუფში შესვლა უნდა, მოტივირებული გუნდია, კორეაში და სხვა ქვეყნებში წასვლას, მერჩივნა საქართველოში ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყნის სახელით ევროტურნირებისთვის მებრძოლა.
დინამო ბათუმის შემოთავაზება მართლაც მქონდა, თუმცა მათ ჩემგან სწრაფი პასუხი უნდოდათ. პარალელურად კი უცხოურ ვარიანტს ველოდებოდი, ამიტომ გადაწყვეტილება არ ვიჩქარე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. ახალი წლების შემდეგ, ტორპედოსთან მოლაპარაკებები დავიწყე და შევთანხმდით. ამის შესახებ იბერიას ახალი წლების მერე შევატყობინე, როცა მათთან კონტრაქტის ვადა ამომეწურა"

ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყავი, თუმცა ტრავმების გამო ბევრი გაგიცდა. ახლა ფორმა აღიდგინე და ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდი. თვლი თუ არა, რომ უკვე სრულად ფორმაში ხარ?
"ეს ყველაფერი 2 წლის წინ იყო და წარსულს ჩაბარდა. ახლა ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგადაა და წელსაც ვიბრძოლებ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. მინდა, ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრადაც ვიბრძოლო."
ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ. რას ჰპირდები გულშემატკივარს?
"ჩემპიონობას! წელს ჩემპიონები აუცილებლად უნდა გავხდეთ. გასულ სეზონში ტორპედო ამასთან ახლოს იყო, თუმცა წელს ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ და ევროტურნირებზეც წარმატებულად გამოვიდეთ."










