ნიგერიის შემდეგ აფრიკის ერთა თასის მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა - მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვება კოტ-დ'ივუარმა მოახერხა, რომელმაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი კი სებასტიან ალე გახდა.
90 წუთის განმავლობაში საკმაოდ თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ, თუმცა ფავორიტის სტატუსს ემერს ფაეს ნაკრები ამართლებდა. კოტ-დ'ივუარი მთელი მატჩის განმავლობაში ოდნავ უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა და საბოლოოდ, საქმის ბოლომდე მიყვანაც მოახერხეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის 65-ე წუთზე, დორტმუნდის გამოცდილმა ცხრიანმა, ალემ, საკუთარი ნაკრების წინ გაყვანა შეძლო. ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, თუმცა მატჩის ბოლომდე მეტი გოლი აღარ გასულა.
ნიგერიის ეროვნული ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში სულ 7-ჯერ არის გასული, აქედან 3-ჯერ შეძლო გამარჯვება: 1980, 1994 და 2013 წლებში. რაც შეეხება კოტ-დ'ივუარს, ამ ნაკრებს ფინალში სულ 4-ჯერ უთამაშია: 1992 და 2015 წლებში კი ტიტულის მოპოვება შეძლეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ორი ნაკრები ა გუფში ერთად იყვნენ. ნიგერია ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, კოტ-დ'ივუარმა კი გასვლა მესამე ადგილით მოახერხა (მესამეადგილოსანი გუნდების რეიტინგში მე-4 პოზიციაზე გავიდნენ).
აფრიკის ერთა თასის ფინალი ნიგერიასა და კოტ-დ'ივუარს შორის 11 თებერვალს გაიმართება, თბილისის დროით 23:55 საათზე.
კოტ-დ'ივუარი აფრიკის ერთა თასის მეორე ფინალისტია









