ტონი კროოსი და არტურო ვიდალი იყვნენ არა მხოლოდ მოწინააღმდეგეები, არამედ თანაგუნდელებიც. ეს ხდებოდა ლევერკუზენის ბაიერში, 2008/09 წლების სეზონში. ერთი წლის წინ, ჩილელმა შუახაზელმა განაცხადა, რომ მან თავის გერმანელ თანაგუნდელს ბევრი რამ ასწავლა. გავიხსენოთ ეს კომენტარი:
"კროოსმა ბევრი რამ ისწავლა ჩემგან, როდესაც ჩვენ ერთად ლევერკუზენში ვთამაშობდით. ის იჯარით ბაიერნიდან იყო გადმოსული. ტექნიკის თვალსაზრისით, ტონი იყო გამორჩეული, მაგრამ ის მოიკოჭლებდა პირველ შეხებაში და ამ კომპონენტის დახვეწაში მას მე დავეხმარე.
გერმანელმა ნახევარმცველმა მე და აუგუსტოს გვთხოვა დახმარება, ჩვენ კი ავუხსენით მას, თუ რა იყო ფეხბურთი. დიახ, მას ბევრი რამ ვასწავლეთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი რჩევები რეალის ყოფილ შუახაზელს კარიერის ბოლომდე გამოადგა."
აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ყოფილი რვიანი ჩილელი ნახევარმცველის კომენტარს თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოეხმაურა. მსოფლიო ჩემპიონმა 35 წლის ექს-შუახაზელმა კოლო-კოლოს ფეხბურთელის ციტატის ქვეშ სიცილის ემოჯები დატოვა.









