ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა პარის სენ-ჟერმენის გარემარბი, დეზირე დუე. საინტერესოა, რომ ფრანგმა ვინგერმა გაიმეორა ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო 2022/23 წლების სეზონში, ნაპოლიში თამაშის დროს.
როგორც ვხედავთ, პსჟ-ს თავდასხმაში ჩემპიონთა ლიგის უკვე ორი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. აღნიშნული პრიზი დააწესეს 2021/22 წლების სეზონის შემდეგ და პარიზელთა ვინგერების გარდა, ამ ჯილდოს სხვადასხვა დროს ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი დაეუფლნენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდის რეალსა და ლუის ენრიკეს გუნდს შორის ამ მხრივ 2:2 არის. დავუბრუნდეთ რენის ყოფილ გარემარბს, რომელიც ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში 2 ბურთი შეაგდო. პარკ დე პრენსის ბინადრების მე-14 ნომერი მილანის ინტერთან შეხვედრის მომენტში 19 წლის, 11 თვისა და 28 დღის იყო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვხვდება დუეზე ახალგაზრდა მხოლოდ ორი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო გოლის გატანა - პატრიკ კლუივერტი (18 წლის, 10 თვისა და 23 დღის) და კარლოს ალბერტო (19 წლის, 5 თვისა და 15 დღის). როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდელი და ბრაზილიელი ფორვარდებისგან განსხვავებით, ფრანგმა ვინგერმა ფინალში დუბლი შეასრულა.









