იმერლებმა ჩვენი ლიგის დონეზე ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელეს და ახალ სეზონს მომზადებულები ხვდებიან. მათ თურქეთსა და ესპანეთში მოსამზადებელი შეკრება გაიარეს და დიდი მიზნები აქვთ.
ფელიპე პირესი, ბიორნ იონსენი, ჟორჟინიო, ელიტონი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ტორპედომ ზამთარში დაიმატა. თურქეთში გუნდმა ფიზიკური მომზადების ეტაპი გაიარა, ესპანურ შეკრებაზე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ერთი კი წააგო.
Lagazzetta.ge კლუბის პრეზიდენტს, დავით კერესელიძეს დაუკავშირდა და გუნდში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
მოსამზადებელ ეტაპზე:
- ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდში კარგი განწყობაა. ყველა იმ შემართებითაა, რომ კარგ შედეგებს დააფიქსირებენ და ამის სჯერათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ტრანსფერებზე:
- უფრო მეტად შემტევი მოთამაშეები დავიმატეთ, რადგან ჩვენი მიზანია მეტი დრო მოწინააღმდეგის ნახევარზე გავატაროთ და ბურთი ჩვენ გვქონდეს. მათ კლასში და გამოცდილებაში ეჭვი არ გვეპარება, ახლა მთავარი შეთამაშებაა. გასულ სეზონში კარგი გუნდი გვყავდა და 4 ახალი მოთამაშის დამატებით, პრობლემატური პოზიციები შევავსეთ.
გიორგი არაბიძეზე:
- არაბიძე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არა ჩემპიონატის, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის. ის კარგ ფორმაშია, ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდა და დღითიდღე უმატებს თამაშის ხარისხს.
როგორც თქვით, არაბიძე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. იმსახურებს თუ არა ის ნაკრებში გამოძახებას? - ამ თემაზე ბოლო პერიოდში ბევრი საუბარია...
- არაბიძე ნაკრებში გამოძახებას უკვე დიდი ხანია იმსახურებს. ლუქსემბურგთან მატჩში არაბიძე-ჩაკვეტაძე კარგი დუეტი იქნებოდა, ფინალში ამას დამატებული კვარაცხელია და მივიღებთ საოცარ ტრიოს - კვარაცხელია-არაბიძე-ჩაკვეტაძის სახით. ამ ტრიოს არგამოყენება ძალიან გამიკვირდება.
რამდენიმე თვის წინანდელ საუბარში აღნიშნეთ, რომ ტორპედოს აქვს 5-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, გუნდი ევროტურნირების სტაბილური წევრი იქნება. როგორ მიმდინარეობს აღნიშნული გეგმის რეალობად ქცევა?
- ყოველ 6 თვეში ტორპედო ძლიერდება. ეროვნული ლიგის პირველ წრეში 19 თამაში გვაქვს, ეს მატჩები ბევრ რამეს გამოაჩენს და რა პრობლემებიც იქნება, შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე გამოვასწორებთ, დავიმატებთ კიდევ 3-4 მაღალი კლასის ფეხბურთელს.
საქართველოს ჩემპიონატი და შანსები კონფერენს ლიგაზე
- საქართველოს ჩემპიონატში სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ და საკმაოდ კონკურენტუნარიანი ლიგა იქნება. მიზანი მოწინავე პოზიციების დაკავებაა, ქუთაისს სხვანაირად არც ეკადრება. რეალურად, საქართველოს ჩემპიონატს ვუყურებთ, როგორც პლატსარმს, რომ შემდეგ საერთაშორისო დონეზე წარმატებებს მივაღწიოთ. სხვა ქართულ გუნდებს არ აღვიქვამთ კონკურენტებად, ისინი ჩვენთვის ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელი პარტნიორები არიან.
შარშან რომ ასეთი მომზადებულები ვყოფილიყავით, ჯგუფში შევიდოდით. ჩვენი წარმატება წილისყრაზეცაა დამოკიდებული, რადგან მესამე წრიდან ტურნირს საკმაოდ ძლიერი გუნდები ემატებიან. მეოთხე რაუნდში საერთოდ ტოპ 5 ლიგის გუნდები იქნებიან. შესაბამისად, ამოცანა ადვილი არ იქნება, მაგრამ გულშემატკივარს მაქსიმუმის გაკეთებას ვპირდებით.
საქართველოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ქუთაისის ტორპედო 2 მარტს, შინ სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს.









