La Gazzetta Dello Sport Georgia ონლაინ სივრცეში უკვე ჩაეშვა და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია. უძველესი იტალიური გაზეთის ოფიციალური პრეზენტაცია „რესპუბლიკაში“ გაიმართა.
SMH Sports-ი ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ლიდერი მედია პლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი გახდა.
SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის სპეციალური მოწვევით, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაციას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები, ჯანლუკა ძამბროტა და კრისტიან ძაკარდო დაესწრნენ, ასევე ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, La Gazzetta dello Sport-ის დირექტორი ჯანლუკა ვარანო, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე, ვეტერანი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების, საფეხბურთო გუნდების, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა. მან La Gazzetta Dello Sport Georgia-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორობას აქვს რეგიონალური მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც შემდეგი ქვეყანა, სადაც აღნიშნული ბრენდი ოფიციალურად წარდგება, SMH Sports - ის გადაწყვეტილებით, უკრაინა იქნება:
„დღეს საქართველოსთვის და ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მას შემდეგ, რაც SMH Sports-მა ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში მოვიპოვეთ La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანშიზი, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო საქართველოდან და აქ ყოფილიყო ჰაბი. შესაბამისად, საქართველოდან მოხდება სხვა ქვეყნებში La Gazzetta Dello Sport-ის განვითარება. იგეგმება ბევრი პროექტი, გვექნება დაჯილდოების ცერემონიალი, პოდკასტები და ა. შ. დავფარავთ ქართული სპორტის ყველას ასპექტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სპორტსმენებს ექნებათ საერთაშორისო პლატფორმა, რათა უკეთ იყოს გაშუქებული მათი წარმატება. მოგეხსენებათ, La Gazzetta Dello Sport არის ყველაზე ავტორიტეტული და უძველესი, შესაბამისად, ასეთი შესაძლებლობა აისახება სპორტსმენების მოტივაციაზე.
დაახლოებით 70% პროცენტი დაეთმობა საერთაშორისო ამბებს, რომელიც ქართულად იქნება ნათარგმნი, ხოლო 30% იქნება ქართულ სპორტზე და ასევე ქართულ სპორტში განსაკუთრებული წარმატებები საერთაშორისო La Gazzetta Dello Sport-ზე გაშუქდება“,- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

ქართული სპორტის განვითარებისთვის იტალიური ფლაგმანის საქართველოში გავრცელება გამოყო კახა კალაძემ და SMH Sports-ის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის:
„La Gazzetta Dello Sport-ი ოფიციალურად უკვე საქართველოშია, რაც ძალიან მახარებს. მინდა მივულოცო სპორტის გულშემატკივრებს, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მადლობა მინდა გადავუხადო SMH Sports და მის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს, მართლა ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ქართული სპორტისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული სპორტის პოპულარიზაციას.
La Gazzetta Dello Sport Georgia მხოლოდ დადებითის მომტანია. ამ გამოცემასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, მახსენდება „ინტერთან“ გამარჯვება 1:0, ჩემი გატანილი გოლით მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება. „მილანის“ ბევრი გამარჯვება დაიბეჭდა ამ გაზეთში და მათ შორის ჩემი ინტერვიუები. ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე ვთანამშრომლობდი La Gazzetta Dello Sport-თან და კვლავ ვაგრძელებ თანამშრომლობას, მიხარია რომ საქართველოში იქნებიან წარმოდგენილნი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას იტალიური მხარის დადებით მოლოდინებსა და ქართული სპორტული მედიის განვითარებაზე ისაუბრა La Gazzetta dello Sport დირექტორმა, ჯანლუკა ვარანომ:
„მოხარული ვარ რომ თბილისში ვიმყოფები და La Gazzetta Dello Sport Georgia -ს დაფუძნებას აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია რომ საქართველოთი დავიწყეთ, რადგან ლამაზი ქვეყანაა, სადაც სპორტი ვითარდება. რაც შეეხება La Gazzetta dello Sport -ს ეს ისტორიული, უძველესი ბრენდია, კომპეტენტური სპორტული მედიაა და ძალიან ამბიციური გაზეთია. საქართველოში ყველა შესაძლებლობაა ეს გამოცემა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც იტალიაში.
SMH Sports-ის პროფესიონალთა გუნდს აქვს შესაბამისი კომპეტენცია და ჩვენი თანამშრომლობა იქნება წარმატებული,“- განაცხადა ჯანლუკა ვარანომ.

პრეზენტაცია პანელური დისკუსიით დასრულდა, სადაც ჯანლუკა ძამბროტამ იტალიაში La Gazzetta Dello Sport-ის მნიშვნელობა გამოყო და აღნიშნა, რომ ქართული ბიურო ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში ქართული სპორტის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას:
„ეს ძალიან კარგი თანამშრომლობის დასაწყისია, La Gazzetta Dello Sport-ი იტალიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გაზეთი და იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც ასე იქნება. ეს სასიამოვნო წამოწყება იტალიურ და ქართულ სპორტს კიდევ უფრო დააახლოებს და ორივე ქვეყანაში სპორტის სხავადასხვა სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, აქ ბევრი მეგობარი მყავს და ხშირად ჩამოვდივარ,“ - განაცხადა ძამბროტამ.
La Gazzetta Dello Sport Georgia -ს ონლაინ გამოცემა უკვე აქტიურ რეჟიმში მუშაობს, ქართველი მკითხველი პირველი გაიგებს სპორტის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, გაეცნობა საერთაშორისო სპორტის სიღრმისეულ ანალიზსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.









