როგორც მოგეხსენებათ, ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძე გაიფორმა 31 მილიონ ევროდ, რითაც ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ი ქართველ ფორვარდს აფასებს 22 მილიონად, რითაც პრიმერა დივიზიონში ის მე-9 ნომრებს შორის რიგით მე-3 პოზიციაზე არის.
"ყვითლების" თავდამსხმელზე წინ არიან მხოლოდ ენდრიკ დე სოუსა (35 მილიონი ევრო) და ალექსანდერ სორლოთი (25 მილიონი ევრო). გამოსარჩევია ისიც, რომ "სუბმარინას" მე-9 ნომერი ამ მომენტისთვის მათზე შედეგიანია. ნორვეგიელმა ფორვარდმა 5 შეხვედრაში შეაგდო 1 ბურთი, ბრაზილიელ შემტევს კი ჯერჯერობით არ უთამაშია.
რაც შეეხება სერამიკას ბინადრების 24 წლის თავდამსხმელს, როგორც აღვნიშნეთ, მის ანგარიშზე სამ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემაა. ისმის კითხვა: რატომ არ ვახსენებთ რობერტ ლევანდოვსკის? ის 12 მილიონით მე-7 პოზიციას იკავებს. იყო დრო, როცა მისი ფასი შეადგენდა 90 მილიონს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ღირებულება დაეცა.
ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ცხრიანები Transfermarkt-ის მიხედვით
| ფეხბურთელი | ფასი | კლუბი |
| ენრიკ დე სოუსა | 35 მილიონი ევრო | რეალი |
| ალექსანდერ სორლოთი | 25 მილიონი ევრო | ატლეტიკო |
| გიორგი მიქაუტაძე | 22 მილიონი ევრო | ვილიარეალი |
| ინიაკი ვილიამსი | 15 მილიონი ევრო | ბილბაო |
| ორი ოსკარსონი | 15 მილიონი ევრო | სოსიედადი |
| უგო დურო | 14 მილიონი ევრო | ვალენსია |
| რობერტ ლევანდოვსკი | 12 მილიონი ევრო | ბარსელონა |









