რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გალა, დაჯილდოების ცერემონია.
წელს პირველად დაწესდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, გამორჩეული სპორტის მოღვაწის იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვის.
2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონსა და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს. აღნიშნული ჯილდო ქართველს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა გადასცეს.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი სპორტული ღონისძიებაა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მასში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას იღებს 7000-მდე სპორტსმენი.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.
საუკეთესო ქალი სპორტსმენის ჯილდო, იტალიელ ტყვიის მსროლელს, ჯესიკა როსის გადაეცა.










