უნგრეთში გამართული ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ისტორიული შედეგით დაბრუნდნენ. ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა დახვედრის საზეიმო ცერემონია მოუწყვეს. პირველად ისტორიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ჩვენმა გუნდმა, ჩინეთის, იტალიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები დაამარცხა. საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლაშა ბექაურმა. ლაშამ ყველა შეხვედრა მოიგო, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან კი ბექაურის გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ლაშა ბექაურმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა:
"ძალია კარგი იყო, საოცრება იყო, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, გადამწყვეტი შეხვედრაც მე მომიწია. თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ფინალში ისეთი შემართებით ვიყავი, თითქოს ომში მივდიოდი, საიდანაც გამარჯვებული უნდა დავბრუნებულიყავით. გუნდური ჩემპიონობა განსაკუთრებული შეგრძნებაა, ასეთი შეგრძნება აქამდე არასდროს მქონია, გუნდურს გამარჯვებას სხვა ერთობა აქვს. იაპონიასთანაც გადამწყვეტი ჩემი შეხვედრა იყო, მურაო მსოფლიოს ჩემპიონია და დასამტკიცებელიც მქონდა, რომ გამარჯვება შემეძლო. რაც შეეხება გამარჯვების შემდეგ ჩემს ჟესტს, ეს ნიშნავს უფლის დიდებას და იმას რომ ყველაფერი რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება უფლის ნებაა."









