ლაშა 15 მარტს, პროფესიულ კრივში პირველ ბრძოლას მშობლიურ რუსთავში (რუსთავის სპორტის სასახლე) გამართავს. Smartlab boxing promotions-ის ღონისძიებაზე ქართველის მეტოქე განელი მოკრივე, ბერნარდ აბეი იქნება, რომელიც დაუმარცხებელია (5-0).
შეგახსენებთ, ლაშა გურულმა (63,5 კგ.) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 24 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა კრივში. ლაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია.
ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ რამდენიმე თვეში, გასული წლის ნოემბერში, ქართველმა პროფესიულ კრივში ასპარეზობასთან დაკავშირებით, აგენტთან ხელშეკრულება გააფორმა.
მზადება სადებიუტო ბრძოლისთვის, ბრძოლა მშობლიურ ქალაქში და შეხვედრა ქართულ აუდიტორიასთან, - ამ თემების შესახებ ლაშა გურულმა LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- როგორ მიმდინარეობს სამზადისი?
- ამ დროისთვის, ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი ძირითადი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის რაღაც გაუთვალისწინებელი მომენტები, მაგრამ სამზადისი მიდის კარგად. წინ კიდევ გვაქვს 2 კვირაზე მეტი დრო და ვფიქრობ, ბრძოლისთვის კარგ ფორმაში ვიქნები.
- რუსთაველი აუდიტორიის წინაშე ბრძოლა დამატებითი მოტივაციაა?
- ჩემს ქალაქში მიწევს ბრძოლა და რა თქმა უნდა, რუსთაველი და ზოგადად ქართველი აუდიტორიის წინაშე ასპარეზობა მეტი მოტივაცია და მეტი პასუხისმგებლობაა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მიზნის ერთ-ერთი ნაწილია. მენეჯერთან და ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ პროფესიულ კრივში ჩემი დებიუტი მიმეძღვნა ჩემი ქალაქისა და ჩემი ქვეყნისთვის. ამიტომ სადებიუტო ბრძოლა იქნება რუსთავში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხალხს ვაჩუქებ კრივის კარგ საღამოს.

- რას იტყვი მეტოქეზე?
- ბერნარდ აბეი ახალგაზრდა სპორტსმენია. პროფესიულ კრივში ჩატარებული აქვს 5 ბრძოლა, საიდანაც ხუთივეში გაიმარჯვა, აქედან ოთხი ბრძოლა კი ნოკაუტით მოიგო. ჩემთვის დებიუტი იქნება, საინტერესო დაპირისპირება გველის, ყველაფერს გავაკეთებ, რათა პროფესიული კრივისა და ყველა ის უნარი ბოლომდე გამოვავლინო რაზეც ვვარჯიშობ.
- რას გვეტყვი Smartlab boxing promotions-ზე?
- Smartlab boxing promotions-ზე გეტყვით, რომ ახალბედა ორგანიზაციაა. დუბაიში დაარსდა, გამოცდილი პრომოუტერების მიერ და წინ დიდი მიზნები აქვთ, რასაც ვფიქრობ, გამოცდილების გათვალისწინებით მიაღწევენ.
- ოლიმპიადის შემდეგ, როგორ გაიარე პროფესიული კრივისთვის მოსამზადებელი პერიოდი?
- ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველ რიგში დავისვენე, ტრავმები მოვირჩინე, რეაბილიტაცია გავიარე და შემდეგ უკვე დავიწყე პროფესიულ კრივში დებიუტისთვის მზადება. მენეჯერმა მომაწოდა ინფორმაცია, დაახლოებით, ვიცოდი ბრძოლა რა თარიღებში მექნებოდა. საქართველოს მოკრივეთა ნაკრებთან ერთად ბორჯომში გავიარე კემპი, ეს იყო პირველი ეტაპი. შემდეგ წავედი დუბაიში ახალ გუნდთან ერთად ვივარჯიშე, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად შევეწყვე ახალ გუნდსა და გარემოს. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდება ოლიმპიური კრივისა და პროფესიული კრივის ვარჯიშები. ვიდრე ამ არჩევანს გავაკეთებდი, ვიცოდი რა ცვლილებები მომიწევდა, შემიძლია ვთქვა, მარტივად ავითვისე, ძალიან მომწონს და ყმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

- პროფესიულ კრივში ასპარეზობას ახლა იწყებ, რა არის მთავარი მიზანი?
- პროფესიულ კრივში ახალ ვიწყებ ასპარეზობას, მაგრამ კარგად ვიცი და კარგად მაქვს გააზრებული რა სხვაობაა ოლიმპიურ კრივთან შედარებით. როგორი ტემპი და როგორი ფიზიკაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ვარჯიშებსა და მოსამზადებელ ბანაკებში გავიზარდო. ჩემი შეძენილი ცოდნა და გაუმჯობესებული ფიზიკა რინგზე ბრძოლებში გამოვავლინო. შემდეგ უკვე მზად ვიქნები დიდ პრმოუშენებთან გავაფორმო ხელშეკრულება, ბრიტანულ Matchroom-თან ან ამერიკულ Golden Boy Promotions-თან. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი იქნება ევროპულ პრომოუშენთან თანამშრომლობა, 5-6 ბრძოლის შემდეგ იმედია, შეთანხმება შედგება Matchroom -თან. ახლა მომდევნო ბრძოლებზე იქნება დამოკიდებული როგორ ავეწყობი და რა შესაძლებლობებს გამოვავლენ.
- ოლიმპიურ კრივში დიდ ტურნირებსა და ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას გააგრძელებ?
- ოლიმპიურ კრივში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული და რა თქმა უნდა, ამ შედეგებს არ მივატოვებ და ვეცდები, კიდევ უფრო გავაუმჯობესო. ვიასპარეზებ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე. ვეცდები ჩემს ქვეყანას მოვუტანო კიდევ უფრო მეტი მედალი დიდი ტურნირებიდან და რა თქმა უნდა, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ. ჩემი ასპარეზობა ორი მიმართულებით და ოლიმპიური კრივის შეთავსება პოფესიულ კრივთან კრივის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხდება, რისთვისაც მადლობელი ვარ. მე გავაგრძელებ შრომას, ვარჯიშს, ბრძოლას და ვეცდები, ჩვენს ქვეყანას ბევრი გამარჯვება მოვუტანო.












