ოკლი ქენონიერს სურს, რომ კვლავ ფეხბურთელად დაამახსოვრდეს ხალხს. ფართო საზოგადოებისთვის ის დღემდე ყველაზე მეტად ცნობილია ერთი კონკრეტული მომენტით, როცა 14 წლის ასაკში ბურთის მომწოდებელი იყო. სწორედ ინგლისელმა მომავალმა ფორვარდმა გადააწოდა ბურთი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, რამაც წამოიწყო ის ცნობილი კუთხური ბარსელონასთან.
ინგლისელი მარჯვენა მცველის გადაცემა, დივოკ ორიგის გოლი - ლივერპულის ზღაპრული ქამბექი კატალონიური გუნდის წინააღმდეგ. იმ საღამომ მერსისაიდელთა აკადემიაში მოთამაშე ფორვარდის ცხოვრება შეცვალა - სკოლაში გმირად იქცა, მან ინტერვიუ მისცა პირს მორგანს და პიტერ მურისგან მადლობის წერილი მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ერთმა ეპიზოდმა ქენონიერის საფეხბურთო კარიერა ჩრდილში მოაქცია. 2021/2022 წლების სეზონში, "წითლების" U18-ში ინგლისელმა ფორვარდმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა: გაიტანა 40-ზე მეტი ბურთი და დაიმსახურა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშის შანსი.
შემდეგ, ოკლის კარიერაში დაიწყო პრობლემები - ბარძაყის უკანა კუნთის მუდმივმა ტრავმებმა მისი პროგრესი შეაჩერა. "დედაჩემთან რამდენჯერმე ვილაპარაკე და ხშირად მქონდა საუბრები იმაზე, რატომ მემართებოდა ეს მაინცდამაინც მე", - იხსენებს ენფილდის ბინადრების ფორვარდი.
21 წლის თავდამსხმელს ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციის პერიოდში ლივერპულის სხვა ახალგაზრდა შემტევებმა იერარქიაში მასზე წინ გადაინაცვლეს. უკანასკნელი 18 თვის მანძილზე ქენონიერს მერსისაიდელთა ახალგაზრდულ გუნდებში მხოლოდ 234 წუთი აქვს ნათამაშები, ხოლო მისი ბოლო გამოსვლა მოედანზე 2025 წლის იანვარში შედგა.
ახლა ინგლისელი თავდამსხმელი 21 წლისაა და რადგან მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება, მას გადაწყვეტილი აქვს "წითლების" დატოვება, სხვა კლუბში რეგულარული სათამაშო დროის მიღების სანაცვლოდ. "სეზონის ბოლოს წავალ, მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, დრო ჯერ კიდევ მაქვს.
ბოლო 18 თვე ძალიან რთული იყო, როდესაც აცნობიერებ, რომ წინ არცერთი მატჩი არ გელოდება. მთელი კვირა ვარჯიშობ და შემდეგ, არაფერი ხდება. საშინელი პერიოდი იყო", - აცხადებს ოკლი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ის ამაყობს ბურთის მომწოდებლის მემკვიდრეობით და სჯერა, ბუნებრივი საგოლე ალღო კვლავ მასთანაა.
ენფილდის ბინადრების თავდამსხმელი ახალი გუნდის ძიებაში, მას სურს საბოლოოდ გამოსვლა, იმ ცნობილი კუთხურის ჩრდილიდან. ახალგაზრდა ფორვარდის მიზანია ისეთი კარიერის აშენება, რომლის წინა პლანზე საკუთარი გოლები და წარმატება იქნება.









