იტალიელი მწვრთნელის უკანასკნელი გუნდი იყო კალიარი, საიდანაც წამოსვლის შემდეგ, ფეხბურთში დაბრუნებას ის აღარ განიხილავდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც სარდინიელთა ყოფილ სპეციალისტს მშობლიურმა "მგლებმა" არ დაუძახეს. ვეტერანი დამრიგებლისთვის დედაქალაქურ კლუბში მუშაობა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო.
73 წლის მწვრთნელი არის რომიდან და საფეხბურთო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ის სწორედ "კაპიტოლინიში" დგამდა. სამწუხაროდ, საყვარელ კლუბში დიდი ხნით დარჩენა ვერ მოხერხდა, 6 მატჩის შემდეგ, რანიერის ოლიმპიკოს დატოვება მოუწია. ის წავიდა, მაგრამ მშობლიური კლუბის მიმართ სიყვარული მის გულში სამუდამოდ დარჩა.
სამწვრთნელო კარიერის დაწყების შემდეგ, იტალიელ მწვრთნელს რომაში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა ორჯერ - 2009-2011 და 2019 წლებში. ის ორივე შემთხვევაში "ჯალოროსიში" სეზონის გადარჩენის მიზნით მივიდა. სამწუხაროდ, ტიტულების მოგება კლაუდიომ მშობლიურ კლუბთან ერთად ვერ მოახერხა.
"მგლების" მწვრთნელის მაქსიმუმი იყო სერია ა-ს ვიცე-ჩემპიონობა და კოპა იტალიას ფინალი. დედაქალაქურმა გუნდმა ორივე დუელი მილანის ინტერთან წააგო. 73 წლის სპეციალისტს იმდენად წყდება გული ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ის ლესტერთან ერთად მოგებულ პრემიერ ლიგასაც კი გაცვლიდა "კაპიტოლონისთვის" სკუდეტოს მოპოვებაზე.
"გული მწყდება, იმაზე, რომ რომასთან ერთად სერია ა-ში ჩემპიონობა ვერ მოვახერხე. ჩემი ნება რომ იყოს, ლესტერთან ერთად ტრიუმფსაც კი დავთმობდი "ჯალოროსის" სკუდეტოს სანაცვლოდ", - განაცხადა რანიერიმ, რომელიც საყვარელ კლუბში მესამედ დაბრუნდა. რთული სათქმელია, თუ რამდენად გამოუვა ოცნების ასრულება იტალიელ სპეციალისტს.
სერია ა-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, "მგლები" 13 ქულით არიან მე-12 ადგილზე და ლიდერ ნაპოლის 13 ქულით ჩამორჩებიან. წინ მთელი სეზონია, კლაუდიომ კი ერთხელ უკვე გვაჩვენა, რომ ფეხბურთში სასწაულებიც ხდება.











