29 მარტს საქართველოს ნაკრები გასვლით ამხანაგურ მატჩში ლიეტუვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს დუელი მოიცავს რვა თამაშს, რომელშიც ოთხჯერ მოიგო ჩვენმა გუნდმა, სამჯერ იმარჯვეს ბალტიისპირელებმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ "ყვითლებთან" თამაში განსაკუთრებული "ჯვაროსნების" ორი ფლეიმეიქერისთვის არის.
პირველ შემთხვევაში ვგულისხმობთ გიორგი ქინქლაძეს, ვინც 2000 წლის 7 ოქტომბერს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით უკანასკნელი ბურთი გაიტანა. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევის ფარგლებში და ჩვენებმა ბალტიისპირელები სტუმრად 4:0 გაანადგურეს.
ამის გარდა, ქართველმა ნახევარმცველმა "ჯვაროსნების" რიგებში თავისი ბოლო მატჩი ასევე "ყვითლების" წინააღმდეგ გამართა. 2005 წლის 9 თებერვალს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ალენ ჟირესის გუნდმა ალგიმანტას ლიუბინსკას შეგირდებს მოუგო მინიმალური ანგარიშით, მანჩესტერ სიტის ექს-ფლეიმეიქერი კი როგორც აღვნიშნეთ, ეროვნულ გუნდში უკანასკნელად გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ათიანისთვის ლიეტუვა გამოდგა ბოლო მეტოქე, გიორგი ჩაკვეტაძისთვის კი პირველი. 2018 წლის 24 მარტს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ბალტიისპირელები 4:0 გაანადგურა კიდევ ერთხელ და უოტფორდის ფლეიმეიქერის დებიუტი სწორედ აღნიშნულ თამაშში შედგა.
მეტიც, "ჯვაროსნების" მხრიდან ბოლო გოლი სწორედ ამჟამინდელმა ათიანმა გაიტანა. ასეთი დასამახსოვრებელი დებიუტი გამოუვიდა ქართველ ფლეიმეიქერს. 29 მარტს, მოწინააღმდეგეები კვლავ იქნებიან "ყვითლები", მაგრამ სამწუხაროდ, ვილი სანიოლის გუნდის შემადგენლობაში 26 წლის გამთამაშებელი ტრავმის გამო არ იქნება.









