ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუზა ლიონის ოლიმპიკის შემადგენლობაში ევროპული კარიერის რეანიმირებას წარმატებით ახდენს. ლიგა 1-ის გასულ ტურში ბრაზილიელმა ფორვარდმა მეცის კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ის გახდა მე-4 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში 3 გატანილი ბურთით ერთ შეხვედრაში.
ლოთარინგიული გუნდის კარში შესრულებული ჰეთ-თრიკის მომენტისთვის მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი 19 წლისა და 188 დღის იყო. როგორც აღვნიშნეთ, "ლომების" მე-9 ნომერზე წინ არის 3 მოთამაშე: ჟერემი მენესი (17 წლისა და 260 დღის), კილიან მბაპე (18 წლისა და 53 დღის), უსმან დემბელე (18 წლის და 296 დღის).
როგორც ვხედავთ, სამივე ფეხბურთელი ფრანგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ენდრიკი ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერია ლიგა 1-ის ისტორიაში სამი ბურთით ერთ შეხვედრაში. საფრანგეთის ჩემპიონატის ჰეთ-თრიკების თემატიკას რომ გავყვეთ, აუცილებლად სახსენებელია ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც სენტ-ეტიენის მაისურით ოსერის კარი აიღო.
ქართველი შემტევი ამ მომენტისთვის "მწვანეების" უკანასკნელი ფეხბურთელია, ვინც ლიგა 1-ში ჰეთ-თრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რონელების მხრიდან 3 ბურთი ერთ შეხვედრაში სხვადასხვა დროს გაუტანიათ მიშელ პლატინის, ლორან ბლანს, დიმიტრი პაიესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს.
გამოსარჩევია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ერთადერთი ევროპელი ფეხბურთელია 2018 წლის შემდეგ, ვინც ჟოფრუა გიშარის ბინადრების მხრიდან საფრანგეთის ჩემპიონატში 3 ბურთი გაიტანა. 24 წლის ვინგერამდე ჰეთ-ტრიკი სენტ-ეტიენის მაისურით ტუნისელ ვაჰბი ხაზრის შეუსრულებია.









