"კანონირებიდან" "ლურჯებში" გადასვლა ერთგვარ დაწინაურებად ითვლებოდა, საპირისპირო მიმართულებით კი გადადიოდნენ ვეტერანები, რომელთა საუკეთესო წლები უკვე წარსულში იყო. როდესაც ვეხებით პირველ შემთხვევას, მომენტალურად გვახსენდება ეშლი კოული: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი განაპირა მცველი, რომელმაც არსენ ვენგერის გუნდი სტემფორდ ბრიჯზე გაცვალა.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ სესკ ფაბრეგასი, რომელიც, პირველ რიგში, ასოცირდება სწორედ ემირეიტსთან, თუმცა პრემიერ ლიგის ორივე ტიტული მან სწორედ რომან აბრამოვიჩის კლუბთან ერთად მოიგო. კარიერული წინსვლის მცდელობა ჰქონდა ოლივიე ჟირუსაც, რომელმაც არსენალში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ჩელსის მიაშურა, სადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხებათ პენსიის მიღების მიზნით "არისტოკრატებიდან" "მეთოფეებში" გადასულ ფეხბურთელებს - პეტრ ჩეხი, ვილიან და სილვა, დავიდ ლუიზი. ჟორჟინიო ფრელოს სახით, ერთ-ერთი ასეთი "კანონირებში" ჯერ კიდევ შემორჩენილია. ახალი დეკადის დადგომასთან ერთად, ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა.

დღეს, პრემიერ ლიგის ჩემპიონობის კანდიდატი მიკელ არტეტას გუნდია, "ლურჯებში" კი სრული გაურკვევლობაა. ამის ნათელი მტკიცებულება არის ქულათა სხვაობა ემირეიტსისა და სტემფორდ ბრიჯის ბინადრებს შორის, ასევე წუხანდელი მატჩი, რომელშიც ერთ-ერთი გუნდისთვის რეკორდული 5:0 დაფიქსირდა. ერთი სიტყვით, დედაქალაქში არსენალი ბატონობს.
რაც შეეხება ფეხბურთელების მიმოსვლას, უკანასკნელი შემსრულებელი, რომელმაც ერთი ლონდონური გუნდი გაცვალა მეორეზე, კაი ჰავერცი არის. ჩეხისა და იგივე ვილიანისგან განსხვავებით, გერმანელი წინახაზელი "მეთოფეებში" განტვირთვისთვის არ გადასულა, პირიქით, მას ახალი გამოწვევების მიღების სურვილი ამოძრავებდა.

ჩელსის ყოფილ შემტევს არაერთი მსურველი ჰყავდა, თუმცა მას მხოლოდ "კანონირებში" ტრანსფერი აინტერესებდა. ამის მიზეზი იყო ის ოჯახური გარემო, რომელიც არტეტამ შექმნა. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, 24 წლის წინახაზელის კომენტარი ასეთი იყო:
"მომწონს ის, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. სულ ერთად ვართ და ვმხიარულობთ.
ძალიან ბევრს ვშრომობთ, თუმცა ამასაც კი პოზიტიურად ვაკეთებთ", - აცხადებდა ემირეიტსის ბინადართა 29-ე ნომერი.
რთული სტარტის შემდეგ, ის ნელ-ნელა საბოლოოდ გაშინაურდა არსენალში და სეზონის მე-2 ნახევრისთვის საუკეთესო კონდიციებამდე მივიდა. ჰავერცმა პრემიერ ლიგაში ახალი გუნდის მაისურით 11 ბურთი გაიტანა, ასეთი შედეგიანი ლონდონში ის აქამდე არასდროს ყოფილა.
რით გაუსწრეს "მეთოფეებმა" "არისტოკრატებს" ახალ დეკადაში? პირველ რიგში ორგანიზებულობით. ბასკი მწვრთნელის სახით, კლუბს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთში ვენგერის ტრადიციების გაგრძელება შეუძლია. მიკელს ხელს "კანონირების" შემადგენლობაც უწყობს ხელს. "ლურჯებში" მსგავსი არაფერი ხდება და ისინი ჯერ კიდევ იდეალური სპეციალისტის ძიებაში არიან.












