2025 წლის სეზონის დაწყებამდე, ლუის ჰემილტონი მერსედესს დატოვებს და კარიერას ფერარიში გააგრძელებს.
მხარეებს შორის კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება.
ფერარიში, 39 წლის ბრიტანელი მრბოლელის თანაგუნდელი შარლ ლეკლერი იქნება, რომელმაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიურ გუნდში 2029 წლამდე დარჩება.
ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ში 2007 წელს გამოჩნდა და 2012 წლამდე მაკლარენის ღირსებას იცავდა - მან 2008 წელს პირველი ჩემპიონობა იზეიმა. ჰემილტონი 2013 წლიდან მერსედესში ასპარეზობს, სადაც ჩემპიონი კიდევ 6-ჯერ გახდა და შუმახერის რეკორდი გაიმეორა (7 გზის მსოფლიო ჩემპიონობა).
აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის ისტორიაში ლუის ჰემილტონი პირველი მრბოლელია, რომელმაც 100 პულ პოზიცია მოიპოვა და 100 გრან პრი მოიგო - მის ანგარიშზე 104 პოული და 103 მოგებული რბოლაა. ასევე, კარიერის განმავლობაში ჰემილტონი პოდიუმზე 197-ჯერ ავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ლუის ჰემილტონი 2025 წელს ფერარიში გადავა









