ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე შეჯიბრებაზე ქართველმა (-90 კგ.) ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ესტონელი კრისტოფერ კლენ კალჟულაიდი დაამარცხა, ლუკამ მეტოქეს ჯერ შიდო მიაღბინა შემდეგ კი ვაზარით მოიგო.
ქართველი ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.
მაისურაძემ პირველ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ იტალიელ კრისტიან პარლატის სძლია, მორიგ შეხვედრაში კი დავიდ კლამერტს მოუგო.
ამავე წონაში მოასპარეზე ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა. ქართველი იტალიელ კომი კენი ბედელსდაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
ნახევარფინალური შეხვედრები რამდენიმე წუთში დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო, ამ დროისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილმა კი საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









