თოთხმეტი წლის წინ, სამხრეთ სუდანი არც კი არსებობდა, ახლა კი ისინი ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიას წერენ. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანამ, თავისი პირველი თამაში ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, მოგებით დაასრულა. კვირას გამართულ საკალათბურთო მატჩში, როიალ აივის გუნდმა, პუერტო რიკო 90-79 დაამარცხა!
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ სუდანი მხოლოდ 2015 წლიდან არიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი, ეს ქვეყანა საოცარ პროგრესს განიცდის და როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებენ.
ისმის კითხვა, ვინ დგას ამ წარმატების უკან? პასუხი ცალსახაა, ლუოლ დენგი! ამ ადამიანს საკალათბურთო სამყარო ძალიან კარგად იცნობს. ლუოლმა არც მეტი, არც ნაკლები 15 სეზონი გაატარა NBA-ში და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა, თუმცა აქ მთავარი ის არის, თუ რა გააკეთა მან კარიერის დასრულების შემდეგ...

დენგმა დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც დღითიდღე ვითარდებოდა. მან შეძლო და ეროვნულ ნაკრებში თამაშზე დაიყოლია ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს, ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების შვილები იყვნენ — მათთან კომუნიკაციის და მოლაპარაკების შემდეგ, ძალიან ბევრმა მათგანმა სანაკრებო დონეზე, სამხრეთ სუდანის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანაში საკალათბურთო ცხოვრების განვითარებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
ამ ყველაფრის შედეგად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 13 წლის თავზე, სამხრეთ სუდანის საკალათბურთო ნაკრები პირველად მოხვდა ოლიმპიადაზე და ჯგუფურ ეტაპზე, პირველ შეხვედრაში საკუთარი მოსახლეობის გახარებაც მოახერხა. ამ ნაკრებს საკალათბურთო სამყაროში ყველა უკვე პატივს სცემს და ანგარიშგასაწევ გუნდად აღიქვამენ. დენგის პროექტი გრძელდება და სამხრეთ სუდანი ოლიმპიადაზე კიდევ ეცდება სიურპრიზების შემოთავაზებას, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფშია.









