"უცნაურია, სტ.ეტიენმა გუნდში დავითაშვილი თუ ვიღაც ბიჭი მოიყვანა, ლიგა 2-ში ბორდოს ძირითადში ვერ ხვდებოდა და სულ სკამზე იყო", - ეს კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ გააკეთა.
ამ კომენტარიდან 10 დღის თავზე, დავითაშვილმა კარიერის საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა და ოსერს ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თან სამივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი იყო.
"მარჯვენა რობენი" - ასე შეიძლება შევაფასოთ ზურიკოს დღევანდელი გამოსვლა. თუ რობენი თავისი ცაციით ცენტრში შემოდიოდა და მცველებმა არ იცოდნენ, რას როდის გააკეთებდა, დავითაშვილმა დღეს იგივე მარჯვენა ფეხით გააკეთა და ოსერის მცველები გაურკვევლობაში ჩააგდო. გოლებიც ასეთ სტილში გაიტანა.

სათაურში კვარას ხასიათი აღვნიშნეთ. როცა კვარას მიმართ დიდი კრიტიკაა, მალევე გოლებს იტანს ხოლმე და კრიტიკოსებს ადუმებს. იგივე ქნა დღეს ზურიკომაც და თავისი უახლოესი ძმაკაცის ხასიათი გამოავლინა. დიუგარის და იმ ხალხის აზრი იმაზე, რომ დავითაშვილი ლიგა 1-ის დონის ფეხბურთელი არ არის, ქართველმა შემტევმა დღეს გაქარწყლა.
გარდა კარგი თამაშისა და შედეგებისა, საქართველოს ნაკრების ამ თაობის უდიდესი პლიუსი კიდევ ის არის, რომ მათ მიმართ თქმულ კრიტიკულ განცხადებებს, წყნარად უყურებენ და ყველაფერს მოედანზე პასუხობენ.
ბოლო პერიოდში, ქალაქი სტ.ეტიენი თავიანთი გუნდის ასეთ გამარჯვებებს მიჩვეული არ არის და მათთვის ყოველი საშინაო მოგება დიდი ზეიმია, მითუმეტეს, ერთი ფეხბურთელის ასეთი მონაწილეობით.

სტ.ეტიენი ცნობილია ხელოვნების ნიმუშების ულამაზესი კოლექციებით და კულტურის ქალაქადაა მონათლული. დავითაშვილის დღევანდელი გამოსვლა კი ნამდვილი მუზეუმის ექსპონატია და სამუდამოდ უნდა დარჩეს კლუბის და ქალაქის ისტორიას.
...და ყველაზე მთავარი. ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთში ზურიკოს მამა, ვეტერანი ფეხბურთელი სულიკო დავითაშვილი ჩავიდა. სულიკო თავისი შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და მას შემდეგ, რაც ზუკა სტ.ეტიენში გადავიდა, ის შვილის თამაშს დღეს პირველად დაესწრო. 23 წლის შემტევიც მოედანზე ორმაგი მოტივაციით გავიდა და გატანილი ბურთები სწორედ თავის ოჯახს მიუძღვნა.











