როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, კლუბმა 4 მწვრთნელთან გამართა მოლაპარაკებები, კერძოდ ჩავისთან, რუბენ ამორიმთან, ედინ ტერზიჩთან და ტომას ფრანკთან. ეს უკანასკნელი ბრენტფორდის მთავარი მწვრთნელია, მისი და "ფუტკრების" დაყოლიება კი არც ისე მარტივი იქნება. ზაფხულში ფრანკის გადაბირებას ჩელსიც ცდილობდა, თუმცა ლონდონელებს ეს არ გამოუვიდათ.
რაც შეეხება დანარჩენ სამ სპეციალისტს — მანჩესტერ იუნაიტედის უფროსობა დაახლოებით ერთი კვირის წინ ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც ჩავი ერნანდესთან საუბარი შედგა. ამ შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ფაქტია, 44 წლის ესპანელის კანდიდატურას ინგლისურ კლუბში სერიოზულად განიხილავენ.
რუბენ ამორიმი სპორტინგში მუშაობას აგრძელებს და ამ მომენტისთვის უცნობია, განიხილავს თუ არა შუა სეზონში გუნდის დატოვებასა და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას. როგორც ცნობილია, მისი კონტრაქტის მიხედვით გამოსასყიდი თანხა €10-დან 15 მილიონამდე შეადგენს.
და ბოლოს, ედინ ტერზიჩი, წარმოშობით ხორვატი სპეციალისტი, რომელიც გერმანიაში დაიბადა — 41 წლის მწვრთნელი ამ დრომდე უგუნდოდ არის. ტერზიჩის კარიერას, დაახლოებით ერთი თვის წინ, მილანს უკავშირებდნენ, თუმცა "როსონერიმ" პაულო ფონსეკას ნდობა ბოლომდე გამოუცხადა. მის კანდიდატურას განიხილავენ ვესტ ჰემშიც, სადაც ხულიენ ლოპეტეგის საქმე საკმაოდ რთულად არის. რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, "წითელი ეშმაკები" ტერზიჩის კანდიდატურას ყურადღებით აკვირდებიან და შეიძლება უახლოეს დღეებში მასთან კონტაქტი განახლდეს.
ახლა კი ყველაფერი ერიკ ტენ ჰაგზეა დამოკიდებული. თუ ნიდერლანდელმა სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ გამოასწორა, მისი გუნდიდან გაშვება დღის წესრიგში გარდაუვლად დადგება.









