მატჩი ძალიან საინტერესოდ დაიწყო, მანჩესტერის კონტრშეტევას ლუთონის მცველების შეცდომა მოჰყვა, რითაც რასმუს ჰოილუნმა ისარგებლა და 37-ე წამზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. დანიელი ფორვარდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ ექვს მატჩში აქვს გოლი გატანილი. ტენ ჰაგის გუნდი ამ შედეგზე არ გაჩერებულა და ძალიან მალე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს. თავი ისევ 21 წლის ფორვარდმა გამოიჩინა, რომელმაც გარნაჩოს დარტყმულს მკერდი ჩინებულად დაუხვედრა და ანგარიშიც გაიზარდა, 0:2.
შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდა, როდესაც მე-14 წუთზე მანჩესტერის საჯარიმოში არეულობას ლუთონის გოლი მოჰყვა. გუნდის კაპიტანმა, კარლტონ მორისმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. პირველ ტაიმში მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს.
გუნდებმა მატჩის მეორე ნახევარიც ძალიან აქტიურად დაიწყეს. მანჩესტერს მინიმუმ ორჯერ შეეძლო თამაშის დასრულება, თუმცა უშედეგოდ - ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა ვერ გაიტანა ცარიელ კარში, შემდეგ კი გარნაჩომ თითქმის იდენტური მომენტი გაანიავა. ლუთონი მთელი მეორე ტაიმი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, ტენ ჰაგის გუნდი სახლში 3 ქულით დაბრუნდა.
ამ გამარჯვებით მანჩესტერმა 44 ქულა მოაგროვა და ოთხეულთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.









