ფორმულა 1-ის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა შესაძლებლობები GT3-ის სერიაში გამოსცადა და პირველივე რბოლის გამარჯვებული გახდა.
27 წლის ნიდერლანდელმა ლეგენდარულ ნურბუნგრინგის ავტოდრომზე ფერარის ბოლიდით კრის ლულამთან ერთად უშეცდომოდ იასპარეზა და რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა.
მაქს ვერსტაპენმა სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო, პირველივე მოსახვევში გალიდერდა და მეტოქეებთან კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მისმა შემცვლელმა, კრის ლულამმაც კარგი რბოლა ჩაატარა და პირველობა შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ მაქსი მონცასა და ბაქოს ფორმულა 1-ის რბოლებს შორის პერიოდში, ნორდშლაიფეზე გაემგზავრა, რათა Porsche GT4-ის მართვით GT3 კატეგორიის ლიცენზია მოეპოვებინა. ორი კვირის შემდეგ კი, მან ლულემთან ერთად თავისი სადებიუტო GT3 რბოლა გერმანიის „მწვანე ჯოჯოხეთად“ წოდებულ ტრასაზე, 24 წამზე მეტი უპირატესობით მოიგო.
1970-იან წლებამდე ფორმულა 1-ის პილოტებისთვის სხვა სარბოლო კატეგორიებში მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა, სპორტის გაზრდილი პროფესიონალიზმის გამო, დღესდღეობით იშვიათია, რომ მოქმედი პილოტები F1-ის გარეთ ასპარეზობდნენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ნიკო ჰიულკენბერგმა და ფერნანდო ალონსომ ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგეს, ალონსომ კი ორჯერ ინდი 500-შიც სცადა ბედი.
ვერსტაპენმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ ლე მანზე ასპარეზობის ამბიცია აქვს და არის შანსი, რომ ის მომავალ წელს ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაშიც ვიხილოთ, რომელიც წლის ყველაზე პრესტიჟული GT ეტაპია.
"რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს 24-საათიან რბოლაში მივიღო მონაწილეობა. თუ ეს მომავალ წელს მოხდება, ამის შესახებ ვიტყვი, მაგრამ ჯერ კიდევ მეტი გამოცდილება მჭირდება. ასე რომ, იმედია, მომავალ წელს აქ უფრო მეტ რბოლას ჩავატარებ"
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი მომდევნო უქმეებზე სინგაპურში განახლდება და მაქს ვერსტაპენი მიმდინარე წელს ზედიზედ მესამე რბოლის მოგებას შეეცდება. მოქმედ ჩემპიონს 17 გრან პრის შემდეგ 255 ქულა აქვს, მესამე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერს, ოსკარ პიასტრის 69 ქულით ჩამორჩება.









