არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტნის "აძურიში" გადასვლამდე, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ მოხვდა ის ზოგადად ევროპულ ფეხბურთში, კონკრეტულად კი "ბლაუგრანაში". ეს მოხდა 1982 წლის ივლისში და უნდა ითქვას, რომ "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" ტრანსფერმა თავიდანვე დიდი რეზონანსი გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ბოკა ხუნიორსის ათიანის გადმობირება იმ დროისთვის ასტრონომიულ თანხად დაუჯდათ. თავად განსაჯეთ - კლუბმა ჯერ მხოლოდ პერსონალურად მარადონას გადაუხადა ბონუსის სახით 3 მილიონი დოლარი, მისმა ხელფასმა შეადგინა 200 000 დოლარი, თვითონ ტრანსფერი კი დაჯდა 1.2 მილიარდი პესეტი, რაც 8 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო.

კამპ ნოუს ბინადრებმა იმდროინდელი სატრანსფერო რეკორდი მოხსნეს, რომელიც ორ წელიწადში გადაიფარა ისევ და ისევ არგენტინელი შემტევის ტრანსფერით (ამჯერად უკვე გაყიდვით), თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. დიეგო მალევე გახდა ბარსას ქომაგების კერპი, ადგილობრივმა კომენტატორებმა კი დაამკვიდრეს ფრაზა "ითამაშა, როგორც მარადონამ".
ამ გამოთქმას იყენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური თვალსაზრისით გამორჩეულ შეხვედრას ჩაატარებდა. არგენტინელმა შემტევმა თავის სადებიუტო სეზონში ითამაშა 35 მატჩში, გაიტანა 23 ბურთი და ესპანეთის ლიგის თასი მოიგო. პირველი სეზონის კვალობაზე ცუდი ნამდვილად არ იყო.
ერთი შეხვედვით, არაფერი სკანდალური, დიეგოს საკლუბო კარიერა ვარსკვლავურად ვითარდებოდა, თუმცა საერთო ჯამში, მაინც სტანდარტულად. ისმის კითხვა: თუ ყველაფერი რიგზე იყო, რატომ გაყიდეს კატალონიელებმა თავისი შემტევი ერთი სეზონის შემდეგ? მიმოვიხილოთ მისი მეორე სეზონი და ყველაფერი ნათელი გახდება.

"ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" პრობლემები სეზონის სტარტზევე დაიწყო, როდესაც ბილბაოს ატლეტიკთან შეხვედრაში მან უმძიმესი ტრავმა მიიღო. "ბლაუგრანას" 10-იანს კოჭი მოტეხა ბასკების მცველმა, ანდონი გოიკოეჩეამ, რომელიც ვარსკვლავური ოპონენტის თამაშიდან გამოთიშვაზე პერსონალურად ზრუნავდა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის მოედანზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, მარადონა კი საოპერაციოში გადაიყვანეს. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, არგენტინელ შემტევს დაბრუნებას ნახევარ წელიწადში უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ის 3.5 თვეში უკვე მოედანზე იყო. ამით, "ლურჯ-ბროწეულისფრებისა" და "როხიბლანკოს" ომი არ დასრულებულა.
1984 წლის კოპა დელ რეის ფინალში ეს ორი გუნდი კვლავ დაუპირისპირდა ერთმანეთს - უხეშობა, ჩხუბი და კამპ ნოუს ბინადრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის, სესარ ლუის მენოტის ლეგენდარული მატჩის შემდეგი ფრაზა: "ეს თუ ფეხბურთია, მაშინ ფეხბურთი მკვდარია". ჩხუბისგან თავი არც დიეგომ შეიკავა, რომელსაც 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ამ ყველაფრის პარალელურად, აქტუალური ხდებოდა თეორია, რომლის თანახმადაც, არგენტინის ნაკრების შემტევის მოშორებას ცდილობდა ბარსელონას იმდროინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ ლუის ნუნიესი. საამისოდ მას თითქოს 3 მიზეზი ჰქონდა. პირველი მიზეზი - "ფეხბურთის უგვირგვინო მეფე" იყო უმართავი, არავის ემორჩილებოდა, მათ შორის არც ესპანელ პრეზიდენტს.
მეორე მიზეზი - კატალონიელთა ათიანში ჩადებულმა ასტრონომიულმა ინვესტიციამ ვერ გაამართლა, გუნდმა ვერაფერს მიაღწია ვერც ლა ლიგაში და ვერც ევროსარბიელზე. მარადონასთან ერთად, "ბლაუგრანა" შემოიფარგლა კოპა დელ რეის, ლიგის თასისა და სუპერთასის მოგებით. უშუალოდ არგენტინელი შემტევის გზაზე იყო მიყოლებით ჰეპატიტი, კოჭის მოტეხვა და 3-თვიანი ბანი.
მესამე მიზეზი - "ლურჯ-ბროწეულისფრებში" მწიფდებოდა ფინანსური კრიზისი და საჭირო იყო სარფიანი გაყიდვის განხორციელება. რამდენიმე წლის შემდეგ, ბარსას ექს-პრეზიდენტი დიეგოსთან მიმართებით პირველად ნარკოტიკულ საშუალებებსაც ახსენებს: "მომდიოდა შეტყობინებები და მაფრთხილებდნენ, რომ მარადონა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. ამის შესახებ გვისაუბრია, მაგრამ დიეგო ყველაფერს უარყოფდა".

ერთი სიტყვით, რიგი მიზეზების გამო, ნუნიესმა დღის წესრიგში არგენტინელი შემტევის გაყიდვა დააყენა. მის გაფორმებას იდეის დონეზე განიხილავდნენ იმდროინდელი უძლიერესი ლიგის, სერია ა-ს მთავარი გრანდები, მაგრამ მათ აბრკოლებდათ 3 რამ - დიეგოს ტრავმები, მისი ფეთქებადი ხასიათი და უმკაცრესი ლიმიტი ლეგიონერებზე, რომელიც იმ დროს კალჩოში იყო დამკვიდრებული.
ორ უცხოელზე მეტი, იტალიურ გუნდში ვერ ითამაშებდა და ამ მხრივ სერია ა-ს ტოპ გუნდები უკვე დაკომპლექტებულები იყვნენ. საბოლოოდ, ყველას ნაპოლიმ აჯობა, რომელმაც ლეგიონერებზე გათვლილი ვაკანტური ადგილიც შეავსო და ესპანელი პრეზიდენტის ფინანსური მოთხოვნაც დააკმაყოფილა. მოგვიანებით, ხოსეპ ლუისი იგივე მოტივით კატალონიიდან გაუშვებს ხრისტო სტოიჩკოვს, რონალდო ნაზარიოსა და ლუიშ ფიგუს.
"პარტენოპეის" "ბლაუგრანას" შემტევის გაფორმება დაუჯდა რეკორდული 14 მილიარდი ლირა, რაც 7.6 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ "აძური" ტიტულების მომგები გუნდი არ ყოფილა, ფულის ხარჯვის პრობლემა მათ არ ჰქონიათ, ეს ყველაფერი კი აკილე ლაუროსა და კორადო ფერლაინოს დამსახურებით, რომლებიც კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს ფინანსებს არ იშურებდნენ.

რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ზღაპარია. "ლურჯების" ათიანმა ოთხი წლის შუალედში სკუდეტო თავის გუნდს ორჯერ მოაგებინა. დანარჩენ სამყაროსთვის თუ ის არის "ფეხბურთის უგვირგვინო მეფე", ნეაპოლში მან მოიპოვა ფეხბურთის ღმერთის სტატუსი, თანაც მარადიულად. დიახ, არც იტალიურ კარიერას ჩაუვლია აკრძალული ნივთიერებებისა და დისკვალიფიკაციის გარეშე, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
მარადონას წასვლის შემდეგ, "პარტენოპეი" თითქმის 30 წლის განმავლობაში რჩებოდა მთავარი ტიტულების გარეშე. ამ გუნდმა გაკოტრება და ქვედა დივიზიონებში მოგზაურობაც კი გამოიარა. 2007 წელს, "აძური" დაბრუნდა იტალიური ფეხბურთის ელიტაში და დროთა განმავლობაში ტოპ კლუბის სტატუსიც დაიბრუნა.

2023 წელს კი "ლურჯებმა" ნანატრი სკუდეტოც დაიბრუნეს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დღეისთვის ამ გუნდის წარმატების სულისჩამდგმელად ხვიჩა კვარაცხელია გვევლინება. ქართველი ვინგერსა და არგენტინელ შემტევს შორის პარალელს ხშირად ავლებენ. ნაპოლის ქომაგების უსაზღვრო სიყვარული და მეტსახელი "კვარადონა", ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
12 მარტს, დიეგოს ორი საყვარელი გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში დაუპირისპირდება. ის აუცილებლად უყურებს ამ მატჩს ზეციდან და საინტერესო იქნება, თუ რომელ მათგანს უქომაგებს. ერთ მხარეს არის კატალონია, სადაც არგენტინის ნაკრების ლეგენდარული კაპიტნის წინააღმდეგ იყო ყველა და ყველაფერი, მეორე მხარეს კი - ნეაპოლი, სადაც მან ამ ქალაქს დაუვიწყარი ზღაპარი დაუწერა.












