მარიამმა მსაჯის კარიერა 4 წლის წინ დაიწყო, შრომითა და მაღალი პროფესიული უნარების გამოვლინებით, მარიამმა რაგბი ევროპის ყურადღება მიიქცია და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს.
ქალი რაგბიში, საერთაშორისო გამოცდილება და სამომავლო გეგმები, - ამ თემების შესახებ მარიამ გოგუაძემ LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- როგორ მოხვდით რაგბიში?
- სამსაჯო კარიერა დავიწყე ოთხი წლის წინ, ქართველი მსაჯების რჩევითა და რეკომენდაციით. მათ ჩემში პოტენციალი დაინახეს თამაშის ცოდნიდან გამომდინარე. ამასთან, მსოფლიო რაგბიც და რაგბი ევროპაც აქტიურად ეძებენ ქალ მსაჯებს, რომლებიც თამაშის ღრმა გაგებასთან ერთად, კარგ ფიზიკურ ფორმაშიც არიან, რადგან 80 წუთის განმავლობაში სტადიონზე სირბილი საკმაოდ დიდი ფიზიკური გამოწვევაა.
- რატომ გადაწყვიტეთ რაგბის მსაჯი ყოფილიყავით?
პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა. მსაჯობა უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს. საბოლოოდ, შენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. თუმცა ჩემი ხასიათი, მიზანდასახულობა და მონდომება, ძალიან დამეხმარა.
- თქვენი კარიერის საწყის ეტაპზე ქალები რაგბიში და ახლა, რა შეიცვალა?

- კარიერის დასაწყისში ვმსაჯობდი ფესტივალის ასაკის გუნდების მატჩებს, შემდეგ, ჭაბუკთა ლიგას, რაც დროთა განმავლობაში კაცთა ლიგებამდე მივიყვანე. თამაშის დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა მე დავამტკიცე, რომ მზად ვიყავი ამ გამოწვევისთვის. დღესდღეობით პირველი ლიგის ცენტრის მსაჯი ვარ, ხოლო ჩემი მთავარი მიზანი ახლო მომავალში “დიდი ათის” ცენტრალური მსაჯობაა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი რაც აქამდე გიმსაჯიათ?
- ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გერმანია – ბელგიის მატჩს ჰაიდელბერგში, სადაც პირველად ვიმსაჯე ცენტრალური მსაჯის ამპლუაში საერთაშორისო დონეზე. ეს იყო დაძაბული და პრინციპული შეხვედრა, რაც დამატებითი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი.
რაც შეეხება ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას, 2023 წელს ქართველ მსაჯებთან ერთად პირველად გავემგზავრე საერთაშორისო ტურნირზე – Rugby Europe Men’s Trophy, სადაც დამხმარე მსაჯის როლი შევითავსე.
2024 წელს კვლავ ქართველი მსაჯების გვერდით დავიმატე გამოცდილება Women’s Championship-ის მატჩებზე, სადაც ასევე დამხმარე მსაჯი ვიყავი.
ამავე წელს მქონდა უნიკალური შესაძლებლობა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე მსაჯობის, სადაც საქართველოდან მხოლოდ 2 მსაჯი მიგვიწვიეს და საკმაოდ ბევრი თამაშის მსაჯობა მომიწია დაახლოებით 46-ზე ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო 45 გრადუს სიცხეში მთელი დღე თამაშიდან თამაშზე გაქცევა გადატვირთული რეჟიმი,თუმცა ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გამაძლიერა როგორც პროფესიონალი მსაჯი.

- ევროპის მატჩისთვის ემზადებით ….
- დიახ, ახლა ვემზადები 28 მარტის ტურნირისთვის. 15-კაცა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრისთვის, სადაც ლუქსემბურგისა და შვედეთის მატჩზე კვლავ ქართველი მსაჯების ჯგუფთან ერთად მივდივარ და დამხმარე მსაჯის როლს შევითავსებ.
- თქვენს მიერ განსჯილ თამაშებს დასრულების შემდეგ უყურებთ?
- მატჩების დასრულების შემდეგ ყოველთვის ვუყურებ და ანალიზს ვუკეთებ ჩემს მსაჯობას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგო, თუ რა გავაკეთე სწორად და სად რა მაქვს მოსამატებელი. ზოგადად, მსაჯის პროფესია მუდმივ სწავლებასა და თვითგანვითარებას მოითხოვს, ამიტომ თითოეული თამაშის შემდეგ, განსაკუთრებით უფრო რთულ და მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ვიწყებ ანალიზს. საკუთარ შეცდომებსაც ვაფიქსირებ და შესწორებებსაც ვაკეთებ. ასევე მსაჯებს გვყავს მასწავლებლები რომლებიც ასევე განიხილავენ ჩვენს თამაშებს და შემდეგ თავიანთ აზრს გვიზიარებენ. იმათი ხედვით რა იყო კარგი, რა დავაკელით, რას შევცვლიდით და ასე შემდეგ.
- ქალი მსაჯების მიმართ მსოფლიო რაგბიში როგორი დამოკიდებულებაა?
- ქალების მიმართ დამოკიდებულება ვითარდება. პირადად მე არასდროს მიგრძნია შეურაცხყოფა ან გაუმართლებელი დამოკიდებულება ჩემი გენდერის გამო. პირიქით, ვფიქრობ, რომ ქალ მსაჯებს ასევე დიდი პატივისცემა უნდა ეკუთვნოდეთ, რადგან რაგბიში თამაშის ცოდნა და პროფესიონალიზმი მთავარია და არა გენდერი. სტერეოტიპები რა თქმა უნდა, ყველგან და ყოველთვის არსებობს, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია – საკუთარი სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებითა და პროფესიონალიზმით.
- რაგბის როლი თქვენს ცხოვრებაში..
- რაგბი ჩემთვის უბრალოდ სპორტი არ არის. ეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. 9 წელია ამ სფეროში ვარ. რაგბიმ მასწავლა გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, მიზნისკენ მიმავალი გზა და მუდმივი განვითარება. როცა მსაჯობ, მე აღარ ვხედავ მხოლოდ მატჩებს, არამედ ვგრძნობ მის უზარმაზარ მნიშვნელობას. რაგბის დახმარებით გავიაზრე, რომ ძლიერი ხასიათი, მონდომება და შრომისმოყვარეობა კი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნებისმიერი მიზნის მიღწევაში. ეს სპორტი არის ჩემი პროფესია, ჩემი შთაგონება და, საბოლოოდ, ჩემი ცხოვრების ნაწილი.









