საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი მოთამაშის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.
მარკის რიდი გამოცდილი, 30 წლის კალათბურთელია, რომელიც ბოლო 2 სეზონში არავის უთმობს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის ტიტულს და ახლაც, მიმდინარე სეზონში, ევროპაში მოპოვებული ქულებით ლიდერია. მარკის რიდი ტრაბზონსპორის ღირსებას იცავს. შარშან ის თოფაშის წევრი იყო და ბომბარდირობასთან ერთად ყველაზე ძვირფასი ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრა – გახდა თურქეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშე, MVP.
მიმდინარე სეზონში რიდი ბომბარდირთა დავაში ისევ პირველია. 2025-26 წლების სეზონში მას თურქეთის ლიგაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 23.25 ქულას, 5.15 პასს, 3.2 მოხსნას და 1.55 ჩაჭრას აგროვებს. გასულ, 2024-2025 წლების სეზონში ის გახდა ფიბა ევროპის თასის გათამაშების ბომბარდირიც, როცა თოფაშის ღირსებას იცავდა.
წყარო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.









