დღეს გაიმართება ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გორის დილასა და იბერიას შორის. მატჩი გორში, 20:00 საათზე დაიწყება.
ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს, რადგან ამჟამად, ჩემპიონობისთვის სწორედ იბერია და დილას იბრძვიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.
შესაბამისად, საკუთარ მოედანზე გამარჯვების შემთხვევაში, დილას შანსი აქვს, რომ ამ სეზონში პირველად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგეს.
მოგეხსენებათ, ევროტურნირეზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო, იბერიამ მწვრთნელი შეიცვალა და თბილისურ კლუბს გია გეგუჩაძე უთავკაცებს.
აღსანიშნავია, რომ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით იბერიამ ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საქართველოს თასის 1/4 ფინალში ტორპედო დაამარცხა.
გორის დილა კი კარგ სვლაზეა, დიდი შესვენების შემდეგ მათ ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე მოიგეს, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ.
დღეს, ეროვნული ლიგის კიდევ ორი მატჩი გაიმართება - ტორპედო თელავს უმასპინძლებს, ხოლო დინამო ბათუმი გაგრას.









