დღეს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენზე' შედგება, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან.
კარგი სვლისა და ზედიზედ 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, დინამო თბილისმა ეს სერია შეწყვიტა და წინა ტურში მოქმედ ჩემპიონ იბერიასთან წააგო. რითიც სატურნირო ცხრილში უკან ჩამოქვეითდა და მე-5 პოზიციას იკავებს.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უშუალო კონკურენტი ამ ეტაპზე სწორედ ტორპედოა და საკუთარ კედლებში მათი მიზანი აუცილებლად გამარჯვებაა.
ამას ისიც ემატება, რომ ტორპედო სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, ფორმაში შევიდა და ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს, მათ უკვე 27 ქულა მოაგროვეს, ოთხეულში არიან და ლიდერებთან სხვაობა საგრძნობლადაა შემცირებული.
საოცარ ფორმაშია ტორპედოს ნორვეგიელი ფოვარდი ბიორნ იონსენი, ამ თვეში მის ანგარიშზე 5 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. სტაბილურად კარგად თამაშობს უკანა ხაზიც. საბა კვერკველია და მეკარე ფილიპ კლიაიჩი მოწოდების სიმაღლეზე არიან.
დინამო თბილისის ახალგაზრდული შემადგენლობა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და დინამოელთა შემადგენლობის უმეტესი მათგანი, ამ დიდ ფორუმს კარგ ფორმაში ხვდება.
დღევანდელ მნიშვნელოვან შეხვედრაში დინამო თბილისსს დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა დააკლდება.
დინამო თბილისი - ტორპედო
ეროვნული ლიგა, მე-17 ტური
24 მაისი, 21:00
დინამო არენა, თბილისი
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი









