სეზონი უახლოვდება თავის დასასრულს, თუმცა ტოპ 5 ლიგაში ინტრიგა მაინც შენარჩუნებულია. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა საფრანგეთის ჩემპიონატში, სადაც ლიონი დღეს მონაკოს ესტუმრება.
ოთხეულისთვის ბრძოლა ლიგა 1-ში
ლიგა 1-ის სეზონის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, ლიონი კი ჯერჯერობით ოთხეულს მიღმა არის. გიორგი მიქაუტაძის გუნდი იმყოფება მე-7 პოზიციაზე, მაგრამ ოლიმპიკი სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება მე-4 - მე-6 პოზიციაზე მყოფ ნიცას, ლილსა და სტრასბურს. მონაკო კი მე-3 პოზიციაზე არის.
რონელებს სჭირდებათ მხოლოდ გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფიქრები ჩემპიონთა ლიგაზე წარსულს ჩაბარდება. რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ დღეს მან გრუპამას ბინადრების ძირითადში ითამაშოს. ცნობისთვის, დღეს თავის შეხვედრებს ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ჩაატარებენ.
პარის სენ-ჟერმენის ფიქრები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა, სადაც მოწინააღმდეგე მილანის ინტერი იქნება. რისკების თავიდან არიდების მიზნით, არაა გამორიცხული, რომ ქართველი ვინგერი დღეს დაასვენონ. მსგავსი ფუფუნება არ აქვს სენტ-ეტიენს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.
"ლეს ვერტსის" მოწინააღმდეგე იქნება რეიმსი - გუნდი, რომელსაც ასევე არ აქვს მოდუნების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება. ერთი სიტყვით, პსჟ ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, პაულო ფონსეკას გუნდი 4-ეულში შესვლაზე, გიშარის ბინადრები კი ადგილის შენარჩუნებაზე.
შაბათის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 16:00 | ვალენსია-ხეტაფე | ლა ლიგა |
| 17:30 | უნიონი-ჰაიდენჰაიმი | ბუნდესლიგა |
| 18:00 | საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი | პრემიერ ლიგა |
| 20:00 | ლაციო-იუვენტუსი | სერია ა |
| 20:30 | ბაიერნი-გლადბახი | ბუნდესლიგა |
| 20:30 | ელჩე-ლევანტე | ლა ლიგა 2 |
| 22:30 | ჩიკაგო-ატლანტა | MLS |
| 22:45 | ემპოლი-პარმა | სერია ა |
| 23:00 | ატლეტიკო-სოსიედადი | ლა ლიგა |
| 23:00 | მონაკო-ლიონი | ლიგა 1 |
| 23:00 | მონპელიე-პსჟ | ლიგა 1 |
| 23:00 | რეიმსი-სენტ-ეტიენი | ლიგა 1 |









