ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! სამშაბათ დღეს ფაზის მეექვსე ტურში ცენტრალური მატჩი ლივერპულის სტუმრობა მილანის ინტერთან იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
ინტერი V ლივერპული
ლივერპულის პრობლემები გრძელდება - მეათე ადგილი პრემიერ ლიგაში, 23 ქულა და უკანასკნელ ექვს მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება. მერსისაიდელებს ჰქონდათ ზედიზედ 3 წაგება, შემდეგ, მოგება ლონდონში, ვესტ ჰემთან და ბოლოს 2 ფრე. ინგლისის ჩემპიონატის ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა 10 ქულას შეადგენს.
ჩემპიონთა ლიგაზე "წითლების" მდგომარეობა შედარებით უკეთესია - სამი გამარჯვება და ცხრა ქულა ხუთი ტურის შემდეგ. ცალკე პრობლემაა შედეგი, ცალკე კი, ის თუ რა ხდება უშუალოდ კოლექტივში. მოჰამედ სალაჰი ღიად დაუპირისპირდა არნე სლოტს, რის გამოც ინტერნაციონალესთან შეხვედრისთვის ის განაცხადს მიღმა დარჩა.
სეზონის დაწყების წინ, კრიზისს უფრო უწინასწარმეტყველებდნენ მილანურ გუნდს, ვიდრე ენფილდის ბინადრებს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალისტის რიგები სიმონე ინძაგიმ დატოვა. მის ნაცვლად "ნერაძურიში" დაინიშნა კრისტიან კივუ და უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ტაქტიკოსმა წარმატებით გადაიბარა იტალიელი კოლეგის მემკვიდრეობა.
სერია ა-ში ჯუზეპე მეაცას ბინადრები არიან საჩემპიონო ბრძოლაში, ჩემპიონთა ლიგაზე კი ამ გუნდმა ხუთიდან ოთხ მატჩში იმარჯვა. საინტერესოა, რომ ამ კლუბების დუელში არასდროს დაფიქსირებულა ფრე: 4-ჯერ მოიგო ლივერპულმა, 2-ჯერ - ინტერნაციონალემ. ამის გარდა, არ არსებობს მოთამაშე, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში 1-ზე მეტი ბურთის გატანა შეძლო.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| ქაირათი - ოლიმპიაკოსი | 19:30 |
| ბაიერნი - სპორტინგი | 21:45 |
| ინტერი - ლივერპული | 23:55 |
| ატალანტა - ჩელსი | 23:55 |
| ბარსელონა - აინტრახტი | 23:55 |
| პსვ - ატლეტიკო | 23:55 |
| ტოტენჰემი - სლავია | 23:55 |
| მონაკო - გალათასარაი | 23:55 |
| სენტ-ჟილი - მარსელი | 23:55 |









