ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების დაპირისპირება
გვახსოვს დრო, როდესაც რეალსა და მილანს შორის სხვაობა ჩემპიონთა ლიგის სულ რაღაც ორ თასში იყო. 2007 წელს იტალიურმა გუნდმა მოიპოვა თავისი მე-7 ტიტული, მადრიდელების კოლექციაში კი იმ დროისთვის 9 თასი იყო. შემდეგ დეკადაში მოხდა ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რენესანსი, რის შედეგადაც "ბლანკოსის" ანგარიშზე ამ დროისთვის უკვე 15 ტიტულია.
"როსონერი" გაჩერდა ჩემპიონთა ლიგის შვიდ თასზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გუნდთან გათანაბრება სხვამ ვერავინ მოახერხა. უახლოესი მდევრები არიან მიუნხენის ბაიერნი და ლივერპული, რომლებსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 6 ტიტული აქვთ. დავუბრუნდეთ "სამეფო კლუბისა" და "შავ-წითლების" დაპირისპირებას, რომელიც მათ ისტორიაში რიგით მე-16 იქნება.
გუნდებს შორის არის სრული თანაფარდობა - ექვსჯერ იმარჯვეს სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებმა, ექვსჯერაც "ეშმაკებმა", სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს კლუბები ერთმანეთს შეხვედრილან პრაქტიკულად ყველა სტადიაზე, მათ შორის ფინალშიც: 1958 წელს, ლუის კარნილიას გუნდი ევროპაში საუკეთესო სწორედ სან სიროს ბინადრებთან მოგებით გახდა.

რეალს მოუგია 4:1, თუმცა მილანისგან 5:0-ც გვახსოვს. ეს მოხდა 1989 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ცნობისთვის, პირველი გოლი გაიტანა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მადრიდელებს მოგვიანებით დაუპირისპირდება "როსონერის" დამრიგებლის რანგში, წლების შემდეგ კი ის ესპანურ კლუბსაც ჩაიბარებს.
დღეს, "სამეფო კლუბის" მწვრთნელი არის სწორედ იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა შვიდჯერ - სამჯერ "ბლანკოსის" დამრიგებლის რანგში, ორჯერ "შავ-წითლების" დამრიგებლის რანგში და ორჯერაც იტალიური კლუბის მოთამაშის რანგშიც. ერთი სიტყვით, დღეს, ბერნაბეუს ბინადრების ამჟამინდელი სპეციალისტის სახელობის დერბია.

რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, დორტმუნდის ბორუსიასა და შტუტგარტთან გამარჯვებით, ასევე ლილთან მარცხით, რეალი ექვსი ქულით არის მე-12 პოზიციაზე, "ეშმაკები" კი ბრიუგესთან მოგებით, ასევე ლივერპულსა და ლევერკუზენის ბაიერთან წაგებით, სამი ქულით 25-ე პოზიციაზე არიან.
მადრიდელებს დღეს დააკლდებიან დანი კარვახალი, ტიბო კურტუა და დავიდ ალაბა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როდრიგო გოესის თამაშიც. სან სიროს ბინადრების საკადრო პრობლემები უფრო მსუბუქია: ალესანდრო ფლორენცი, ისმაელ ბენასერი და მატეო გაბია. ერთი სიტყვით, "სამეფო კლუბისა" და მილანის რიგით მე-16 მატჩისთვის ყველაფერი მზად არის.
მატჩი, რომელიც ჩაბი ალონსოსთვის განსაკუთრებული იქნება
"ბლანკოსისა" და "როსონერის" შეხვედრის გარდა, ძალიან საინტერესოდ ლივერპულისა და ლევერკუზენის დაპირისპირების აფიშა გამოიყურება. როგორც მოგეხსენებათ, ბაიერის დამრიგებელი არის ალონსო, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დროს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სწორედ "წითლებთან" ერთად მოიგო.
2005 წელი, სტამბოლი, მერსისაიდელები "შავ-წითლებთან" 0:3-ის შემდეგ ბრუნდებიან თამაშში, ანგარიშს კი სწორედ ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ათანაბრებს. ჩაბის წარმატებული სვლა გაგრძელდა სამწვრთნელო საქმიანობაშიც, რომლის დროსაც მან "ფარმაცევტებს" ვერცხლის სინი წაუგებლად მოაგებინა.
იურგენ კლოპის "სქაუზერებიდან" წასვლის შემდეგ, მის შემცვლელად განიხილებოდა "ლომების" მწვრთნელიც, თუმცა მან თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩენა ამჯობინა. ენფილდზე მივიდა არნე სლოტი, რომელიც გერმანელი სპეციალისტის გზას ჯერჯერობით წარმატებულად აგრძელებს. ვნახოთ, რას გააწყობს ნიდერლანდელი დამრიგებელი "ლა ბარბა როხას" წინააღმდეგ.

ქართველი ლეგიონერები ჩემპიონთა ლიგაზე
საქართველოს ნაკრების წევრებიდან ყველაზე რთული გამოცდა ელის ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცს, რომელიც დორტმუნდს ესტუმრება. ვერ ვიტყვით, რომ ბორუსია არის საუკეთესო ფორმაში, იწერება ნური შაჰინის გაშვების შესახებაც და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა შტირიელები ამ ყველაფრის თავის სასიკეთოთ გამოყენებას.
გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანი საკუთარ კედლებში ზაგრების დინამოს მიიღებს. ვეტერანი ცენტრალური მცველი არის ძალიან კარგ ფორმაში და მან სლოვაკეთის ლიგის გასულ ტურში გოლიც გაიტანა. ქართველი უკანახაზელის მეტოქე არის გუნდი, რომელმაც ბაიერნთან განადგურების შემდეგ, ითამაშა ფრე მონაკოსთან, მოგვიანებით კი სტუმრად ზალცბურს მოუგო.

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის ყველა მატჩი:
21:45 - პსვ-ჟირონა
21:45 - სლოვანი-დინამო ზაგრები
23:55 - რეალი-მილანი
23:55 - ლივერპული-ლევერკუზენი
23:55 - ლილი-იუვენტუსი
23:55 - სპორტინგი-მანჩესტერ სიტი
23:55 - დორტმუნდი-შტურმი
23:55 - ბოლონია-მონაკო
23:55 - სელტიკი-ლაიფციგი
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











