ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტური დღეს დარჩენილი ექვსი მატჩით დასრულდება. პირველ რიგში გამოსარჩევია კევინ დე ბრუინის დაპირისპირება თავისი კარიერის მთავარ კლუბთან, მანჩესტერ სიტისთან. განვიხილოთ, როგორც აღნიშნული, ისე სხვა შეხვედრებიც.
კევინ დე ბრუინის შინ დაბრუნება მეტოქის რანგში
დე ბრუინმა მან სიტიში ითამაშა 10 წელი - ჩაატარა 422 მატჩი, გაიტანა 108 გოლი და კოლექცია 19 ტიტულით შეავსო. დღეს, ლეგენდარული ბელგიელი ფლეიმეიქერი მანჩესტერელებს ნაპოლის მოთამაშის რანგში დაუპირისპირდება. ბევრს ეგონა, რომ ინგლისიდან წასვლის შემდეგ, კევინი ევროპას დატოვებდა, მაგრამ კარიერის დასკვნითი ეტაპისთვის მან "პარტენოპეი" აირჩია.
"აძურის" მიზანია სერია ა-ში ტიტულის დაცვა და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება წინ გასვლა - სწორედ ამ საქმისთვის სჭირდება ანტონიო კონტეს "ქალაქელთა" ექს-კაპიტანი. როგორც გვახსოვს, ევროსარბიელზე წარმატებით გამოსვლა, მისი ამჟამინდელი დამრიგებლის სუსტი მხარეა.
ასე იყო იუვენტუსში, ჩელსიში, ინტერსა და ტოტენჰემშიც. იტალიელი მწვრთნელი ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ეცდება სტადიო დიეგო მარადონაზე, პირველი მეტოქე კი როგორც აღვნიშნეთ, პეპ გუარდიოლას გუნდია. საინტერესოა, რომ მათ შორის უპირატესობა აპენინელი ტაქტიკოსის მხარეს არის.
ნაპოლის ამჟამინდელმა მწვრთნელმა იმარჯვა შვიდიდან ოთხ მატჩში, სამი თამაში კი ესპანელი თავკაცის სასარგებლოდ დასრულდა. როგორც ვხედავთ, ეტიჰადის ბინადრების დამრიგებლისა და 56 წლის სპეციალისტის დუელი ფრედ არასდროს სრულდება. ვნახოთ, რა იქნება დღევანდელ შეხვედრაში.
ჩემპიონთა ლიგის ხუთშაბათის ყველა მატჩი
| დრო | მატჩი |
| 20:45 | ბრიუგე - მონაკო |
| 20:45 | კოპენჰაგენი - ლევერკუზენი |
| 23:00 | მანჩესტერ სიტი - ნაპოლი |
| 23:00 | ნიუკასლი - ბარსელონა |
| 23:00 | აინტრახტი - გალათასარაი |
| 23:00 | სპორტინგი - ქაირათი |









