
სერია ა
დღეს, სერია ა-ში ვიხილავთ ჩემპიონობისთვის მებრძოლ ორ გუნდს - მილანის ინტერი ესტუმრება ვენეციას, ნაპოლი კი ვერონას მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. "პარტენოპეის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ვინგერს ტრავმა აქვს, მაგრამ რეალურად, ქართველი გარემარბის არყოფნას სულ სხვა მიზეზი აქვს.
"ლურჯებსა" და მათ ვარსკვლავურ შემტევს შორის ყველაფერი დასრულებულია. ძალიან მალე ის გადავა პარის სენ-ჟერმენში და კარიერის ახალ თავგადასავალს დაიწყებს. 24 წლის ვინგერს "აძურის" მაისურით ვეღარ ვიხილავთ. ცოტა ხნის წინ, მისი მოსალოდნელი ტრანსფერი ანტონიო კონტემაც დაადასტურა.
15:30 - ჯენოა-პარმა
18:00 - ვენეცია-ინტერი
21:00 - ბოლონია-რომა
23:45 - ნაპოლი-ვერონა
23:45 - მონცა-ფიორენტინა

ლიგა 1
დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა - ზურიკო დავითაშვილი პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევს ლიგა 1-ის წინა ტურში არ უთამაშია, მიზეზი: მაღალი ტემპერატურა. ქართველი ვინგერი გამოჯანმრთელდა, ის სრულფასოვნადაც ვარჯიშობს და თავისი მეგობრის მომავალი გუნდის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს კარის აღება გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, ახლა კი ვნახოთ, თუ რას იზამს ლიგა 1-ის დომინანტის წინააღმდეგ სენტ-ეტიენის ვინგერი. აქვე დავამატებთ, რომ მან მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 5 ბურთის გატანა მოასწრო.

ესპანეთის სუპერთასი
ესპანეთის სუპერთასი მადრიდის რეალისა და ბარსელონას დაპირისპირებით დაგვირგვინდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა გუნდებმა ნახევარფინალში ბილბაოს ატლეტიკსა და მალიორკას მოუგეს. მიმდინარე სეზონში ეს იქნება რიგით მე-2 ელ კლასიკო, პირველი გაიმართა პრიმერა დივიზიონში, რომელიც დასრულდა "ბლაუგრანას" გამანადგურებელი მოგებით, 4:0.
იმ შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. კატალონიელებს ჩავარდნა ჰქონდათ და ისინი ლა ლიგის ლიდერები აღარ არიან. "სამეფო კლუბმა" გამოიღვიძა და მიზნად "ლურჯ-ბროწეულისფრებზე" რევანშის აღება დაისახა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ შემდეგ ელ კლასიკოს 11 მაისს ვიხილავთ.

ინგლისის ასოციაციის თასი
ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდის ცენტრალური დაპირისპირება: ლონდონის არსენალი - მანჩესტერ იუნაიტედი. პრემიერ ლიგაში ეს გუნდები სხვადასხვა უკიდურესობაში იმყოფებიან: "მეთოფეები" იბრძვიან ჩემპიონობისთვის და ლიდერ ლივერპულს 6 ქულით ჩამორჩებიან, "წითელი ეშმაკები" კი მე-13 პოზიციაზე არიან. ვნახოთ, რა იქნება თასზე.

ლეგიონერები
დავითაშვილის გარდა, დღეს, შესაძლოა, ვიხილოთ ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი სალერნიტანაში. მისი ახალი გუნდი ეთამაშება სასუოლოს, მისი ყოფილი გუნდი კი - გიორგი კვერნაძის ფროზინონეს. დღეს ასევე ვიხილავთ გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომლის ლევანტე კადისს ესტუმრება.
კვირის გამორჩეული მატჩები:
15:30 - სალერნიტანა-სასუოლო
18:00 - ვენეცია-ინტერი
18:00 - ფროზინონე-კრემონეზე
19:00 - არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი
19:15 - ატლეტიკო-ოსასუნა
19:15 - კადისი-ლევანტე
23:00 - რეალი-ბარსელონა
23:45 - პსჟ-სენტ ეტიენი
23:45 - ნაპოლი-ვერონა











