დღეს, 21 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ევროპა ლიგის ფინალი - ტოტენჰემ ჰოტსპური მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. განვიხილოთ "წითელი ეშმაკებისა" და ლონდონელების ამჟამინდელი მდგომარეობა.
ფინალი უმძიმესი ვითარების ფონზე
იყო დრო, როდესაც მანჩესტერი ითვლებოდა პრემიერ ლიგის მთავარ დომინანტად, თუმცა მიმდინარე სეზონში ეს გუნდი მე-16 ადგილამდე დაეშვა. იქვე ახლოს, მე-17 პოზიციაზე არის ტოტენჰემი, გუნდი, რომელიც 6 წლის წინ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში თამაშობდა.
ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით 192-ე დაპირისპირება. რაც შეეხება წინა მატჩებს, 93-ჯერ იმარჯვა იუნაიტედმა, 52-ჯერ - ჰოტსპურმა, 46 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. "წითელი ეშმაკების" ლეგენდებმა, სერ ბობი ჩარლტონმა და დენს ლოუმ ლონდონელებს სხვადასხვა დროს 15-15 ბურთი გაუტანეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროთასის ფინალში ვიხილავთ ინგლისურ დაპირისპირებას. პირველად ეს მოხდა 1972 წელს, როდესაც სწორედ სპურსმა ვულვზს უეფას თასზე მოუგო. ათწლეულების შემდეგ, უკვე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა დრამატულ ბრძოლაში ლონდონის ჩელსი დაამარცხა.
უკანასკნელ ექვს წელიწადში ვიხილეთ სამი ინგლისური ფინალი - 2019 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულმა იმარჯვა მაურისიო პოჩეტინოს გუნდთან, "არისტოკრატებმა" მეზობელ არსენალს მოუგეს. ბოლო ინგლისური ფინალი კი შედგა 2021 წელს, ისევ და ისევ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე: სტემფორდის ბინადრებმა ამჯერად მანჩესტერ სიტის მოუგეს.
დავუბრუნდეთ დღევანდელ ფინალს, რომელსაც ორივე გუნდი ხვდება დანაკლისით. ოლდ ტრაფორდის ბინადრებს არ ეყოლებათ მატიას დე ლიხტი, ლისანდრო მარტინესი და ჯოშუა ზირკზე. ტოტენჰემს კი ტიმო ვერნერი, ჯეიმს მედისონი, რადუ დრაგუშინი, ლუკას ბერგველი და დეინ სკარლეტი.
აქვე დავამატებთ, რომ ევროპა ლიგის გამარჯვებული მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ეს ფაქტი ორმაგად საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ მანჩესტერი და ჰოტსპურიც ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.









