დღეს, 30 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება ბარსელონასა და მილანის ინტერს შორის. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო აღნიშნული წყვილის გარშემო.
ბარსელონა VS ინტერი (23:00)
ურთიერთმატჩების ისტორია არის ბარსელონას მხარეს - რვა გამარჯვება ინტერნაციონალეს სამის წინააღმდეგ. ამის გარდა, ხუთი თამაში ფრედ დასრულდა. კატალონიელთა უპირატესობის მიუხედავად, მილანელები არასდროს გამოვარდნილან მათთან ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში.
აღნიშნულ სტადიაზე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს და გამარჯვებული "ნერაძური" გამოვიდა. მოგვიანებით, ჯუზეპე მეაცას ბინადრები ჩემპიონებიც გახდნენ. 2010 წლის შემდეგ, აღნიშნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ხვდებოდნენ.
არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჯგუფიდან გასულიყო ორივე - ორჯერ წინ გავიდა "ბლაუგრანა", ინტერნაციონალე კი ჩარჩა. ერთხელაც პირიქით: პლეიოფში ბრძოლა გააგრძელეს მილანელებმა, კამპ ნოუს ბინადრებმა კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს. აქვე დავამატებთ, რომ ამ წყვილში მოგებული ფინალში პარის სენ-ჟერმენსა და ლონდონის არსენალს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
რაც შეეხება დანაკლისს, ჰანსი ფლიკს დღეს არ ეყოლება რობერტ ლევანდსოვსკი, მარკ კასადო, მარკ ბერნალი და ალეხანდრო ბალდე. "ნერაძურის" კი ბენჟამინ პავარი და ვალენტინ კარბონი. ბარსასთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიური კლუბის განკარგულებაში დენზელ დუმფრისი და მარკუს ტურამი დაბრუნდნენ.









